„სახელმწიფომ კოვიდკლინიკებს 1 მლრდ ლარზე მეტი ცარიელ საწოლებში გადაუხადა“ – ჯანდაცვის მინისტრი

„სახელმწიფომ კოვიდკლინიკებს 1 მლრდ ლარზე მეტი ცარიელ საწოლებში გადაუხადა“ - ჯანდაცვის მინისტრიჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი კლინიკების მიერ ბოლო პერიოდში გამოთქმულ პრეტენზიებს პასუხობს და მათ ახალ საპასუხო ბრალდებებს უყენებს. საუბარია კლინიკების წარმომადგენელთა განცხადებებზე, რომელთა თანახმად, სამინისტრომ კლინიკებს კოვიდ-მიმართულების დემობილიზების შესახებ კონტრაქტის გაწყვეტამდე 5 დღით ადრე აცნობა, რამაც სამედიცინო დაწესებულებებს პრობლემები შეუქმნა. კლინიკებში ამბობენ, რომ ჩვეულ რეჟიმში დასაბრუნებლად მათ ფინანსები და დრო დასჭირდებათ, რაც პრობლემურია.

მინისტრი კი ამბობს, რომ „არანაირი 5 დღე არ ყოფილა“ და მისთვის გაუგებარია, „რატომ აპელირებენ ამ 5 დღით“.

„ჩვენ იანვრიდან მოყოლებული აქტიურად ვაკვირდებოდით კლინიკების დატვირთულობას და სამწუხაროდ, ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენი თანამშრომლების ჯგუფი მთელი საქართველოს მასშტაბით დადიოდა კლინიკებში. იქაა მიღების და გაწერის მკაცრი კრიტერიუმები და სამწუხაროდ არცერთი კრიტერიუმი არ სრულდებოდა და ხელოვნურად ხდებოდა კლინიკებში პაციენტების რაოდენობის ზრდა,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები თითოეულ კლინიკაში ამოწმებდნენ პაციენტების როგორც შესვლის, ისე გაწერის კრიტერიუმებს და ზუსტად ეს იყო იმის საფუძველი, რომ არ მოხდა კლინიკების გადავსება და პიკურ პერიოდში კლინიკებში საშუალოდ 6 ათასი პაციენტი იყო იმ დროს, როცა მობილიზებული იყო 9 200 საწოლი. აზარაშვილის თქმით, იანვარში, როცა მან უწყება ჩაიბარა და სიტუაცია გააანალიზა, ჩათვალა, რომ ამდენი საწოლის აუცილებლობა არ იყო და პირველი 1700 საწოლი პირველივე კვირაში გააუქმა. აზარაშვილის განცხადებით, კლინიკები მაშინაც გამოთქვამდნენ ბევრ პრეტენზიას, რომ სახელმწიფო არასწორ ნაბიჯებს დგამდა, ქვეყანა კი პანდემიის პიკში შედიოდა და საკმარისი საწოლები არ გვექნებოდა, თუმცა, მინისტრის განცხადებით, ახლა ვნახეთ, რომ ეს გადაწყვეტილება გამართლებული იყო.

„ეს იყო ცარიელი საწოლები და სახელმწიფო 2 წლის განმავლობაში იხდიდა თანხას და არცთუ ცოტას – 120 ლარს პლიუს 60 ლარი თითოეულ ცარიელ საწოლში. მთლიან დატვირთულობას რომ გადავხედავთ, მათი პრეტენზიების საპასუხოდ, საშუალოდ 60% იყო დატვირთულობა და წარმოიდგინეთ, 2 წლის განმავლობაში მინიმუმ 40%-ს ცარიელ საწოლებში სახელმწიფო იხდიდა ფულს და ზუსტად ეს თანხა უნდა ყოფილიყო საკმარისი, სანამ შეტყობინებებს მივცემდით და ფაქტიურ ანაზღაურებაზე გადავიყვანდით კლინიკებს,“ – აღნიშნა მინისტრმა და ამით უპასუხა კლინიკების პრეტენზიებს, რომ მათ არ აქვთ საკმარისი რესურსი, კოვიდკლინიკების ან ჰიბრიდული კლინიკების სტატუსიდან მრავალპროფილური კლინიკის სტატუსს მოკლე დროში დაუბრუნდნენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ მანამდე სახელმწიფო კოვიდის მართვისთვის ქირაობდა გარკვეულ საწოლფონდს და, იმის მიუხედავად, იყო თუ არა ის დაკავებული, თანხას მაინც იხდიდა. დატვირთვის შემთხვევაში კი პაციენტის მკურნალობის საფასურს დამატებით ანაზღაურებდა. მარტიდან კი კლინიკები ანაზღაურებას მხოლოდ პაციენტზე გაწეული ფაქტიური ხარჯის მიხედვით იღებენ.

მინისტრის თქმით, კოვიდპანდემიის ორი წლის განმავლობაში სახელმწიფომ მინიმუმ 1 მილიარდი ლარი გადაუხადა კლინიკებს.

მინისტრმა ამ კონტექტსში კიდევ ერთ პრობლემაზე ისაუბრა: „დანაშაულია, ჩემი აზრით, როდესაც ექთნებს და ექიმებს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ დანამატებს არ აძლევდნენ და სამწუხაროდ არის შემთხვევები, როცა დირექტორები და მოადგილეები 5-10-ჯერ იზრდიდნენ ხელფასებს მათ ხარჯზე.“

ზურაბ აზარაშვილის თქმით, ინფექციების კონტროლის, ასევე ფინანსური თუ მკურნალობის პროტოკოლების შესრულების კუთხით მიმდინარე მონიტორინგის შედეგები გასაჯაროვდება და კონკრეტული კლინიკებიც დასახელდება, ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ ცალკეული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

„შეუძლებელია და პრინციპულად მიუღებელია, რომ სახელმწიფო თავისი მოქალაქეების და ბიუჯეტის ხარჯზე კონკრეტულ კლინიკებს ამდიდრებდეს და კლინიკები არასწორი გზით „შოულობდნენ“ ფულს,“ – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვა.გე