“მირჩევნია, ცოტა ხანს ჩემთვის ვიყო, დავისვენო. ტელევიზიაში და ეკრანზე აღარ მაინტერესებს ყოფნა, მომბეზრდა, – ასე მშვიდად ვიქნები”, – ამბობს ტელეჟურნალისტი თორნიკე კვერენჩხილაძე, რომელმაც ტელეკომპანია “ტვ პირველი“ რამდენიმე დღის წინ დატოვა.
ამბობს, რომ არხის ხელმძღვანელობასთან არანაირი პრეტენზია არ აქვს, უბრალოდ, დასვენება უნდა და აღარ უნდა ტელეეკრანზე ყოფნა:
“არხს არ აქვს მნიშვნელობა, ზოგადად ახლა მედიაში ყოფნის აზრს ვერ ვხედავ. სახელმწიფო აღარ გვაქვს, მედია სულ სხვა ველში გადაიყვანეს, მისი მარგინალიზაცია მოახდინეს, – პოლიტიკური განცხადებები ვაკეთეთ… არასწორმა, დანაშაულებრივმა პოლიტიკამ მოგვიკლა ლექსო ლაშქარავა. მედიის განადგურების მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. არასწორ სახელმწიფოსა და მარაზმში ვცხოვრობთ… ამიტომ, სჯობს სხვა რამე ვაკეთო.
შვილები მყავს და მათ მეტ დროს დავუთმობ. ირგვლივ მიმოიხედეთ, ადამიანები როგორ არიან, – ამას მოქალაქეების თვალით შეხედეთ. ყველაფერი ნაგავსაყრელად აქციეს… ადამიანები, ვინც ოპოზიციაში არიან, ამბობენ, რომ რაღაცას აპირებენ, საბოლოოდ, ვერაფერსაც ვერ ამბობენ და აკეთებენ… ყველაფერი გაუფასურებულია. ამ ეტაპზე პოლიტიკოსებთან კომუნიკაციის აზრს ვერ ვხედავ. პროცესს გულწრფელობა აკლია.“
– თორნიკე, “ტვ პირველის“ ხელმძღვანელობას ხომ არ გაუნაწყენდი?
– არა, არანაირად. ეს ჩემი სურვილია. ახლა მართლა დასვენება მინდა. წავალ ბათუმში, საქართველოში ვიმოგზაურებ, მიყვარს მოგზაურობა და სხვადასხვა რეგიონში დავდივარ კიდეც. მსიამოვნებს ხალხთან ლაპარაკი, ასეთ დროს ბევრ რამეს ვიგებ. ამისთვის მეტი საშუალება მექნება. ისეთ ადგილებს დავათვალიერებ და ვნახავ, სადაც აქამდე არ ვყოფილვარ.
ამბები, ლალი ფაცია