ომის 40 დღის განმავლობაში რუსმა აგრესორებმა მედიის 18 წარმომადგენელი მოკლეს, მათ შორის, 15 მამაკაცი და სამი ქალი.
ამავდროულად, რვა ადამიანი (ოთხი მამაკაცი და ოთხი ქალი) გაიტაცეს და სამი ჟურნალისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ასევე, მედიის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ომის მსვლელობის გადაღების პროცესში მედიის 13 წევრი დაშავდა, 15 კი ოკუპანტებმა დააშინეს.
აღსანიშნავია, რომ რუსი ოკუპანტები კლავენ, იტაცებენ და აშინებენ არა მხოლოდ უკრაინელ ჟურნალისტებს. დაშავებულთა და დაღუპულთა შორის არის მედიის 19 წარმომადგენელი სხვა ქვეყნებიდან: დიდი ბრიტანეთი – 5, ჩეხეთი – 2, აშშ – 2, დანია – 2, არაბეთის ემირატები- 2, რუსეთი – 2, ირლანდია – 1, შვეიცარია – 1, საფრანგეთი – 1 , ლიტვა – 1.
შეგახსენებთ, 13 მარტს ირპენში რუსმა ოკუპანტებმა დახვრიტეს ამერიკელი სამხედრო რეპორტიორი და დოკუმენტალისტი, ბრენტ რენო.
გარდა ამისა, 1 აპრილს ცნობილი ფოტოჟურნალისტი, მაქსიმ ლევინი, გარდაცვლილი იპოვეს კიევის რეგიონში. უკრაინის პრეზიდენტმა ლევინი სიკვდილის შემდეგ მამაცობის ორდენით დააჯილდოვა.