დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძის ინფორმაციით, ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყერი დინამიკაშია და ახალი ნაპრალებიც გაჩნდა.
ამის შესახებ გოდოლაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
„ეს მეწყერი სულ აქტიური იყო, უბრალოდ ვერ შეაკავეს.
ეს დაძრული სისტემაა და დაძრული სისტემის შეკავება ძალიან სერიოზული საკითხია და ამას დილეტანტები არ უნდა აკეთებდნენ.
რაც შეეხება ამხელა მასის დინამიკას, მასა დინამიკაშია.
არის ძველი ნაპრალები, ასევე ახლებიც არის დამატებული.
დინამიკაში მოსული მეწყერია, ბეტონის ინექციებმა არ უშველა.
იმედი მქონდა, რომ გამაგრებითი სამუშაოები ამ პროცესს დროებითი შეაკავებდა, როგორც ჩანს, ვერ აკავებს”,- აღნიშნავს თეა გოდოლაძე.
ცნობისთვის, ვაშლიჯვარში მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები გასულ წელს ჩატარდა.
ვაშლიჯვარში არსებულ ვითარებას წერილობით გამოეხმაურნენ თბილისის მერიაში.
“ვაშლიჯვარში არსებულ მეწყრულ ზონაში ახალი ნაპრალები არ შეინიშნება, არსებობს ძველი ნაპრალები, რომელიც თიხით იყო შევსებული, თოვლის და წვიმის ზემოქმედებით თიხისგან გადაირეცხა, რაც ბუნებრივი პროცესია და საჭიროებს პერიოდულ შევსებას.
მეწყრული ფერდი მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და ამ ეტაპზე არანაირ ცვლილებას არ განიცდის”, – აღნიშნავენ მერიაში.