უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა ომმა ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ე.წ. „ქუადის“ სამიტზე განაცხადა, რომელშიც ის ინდოეთის, ავსტრალიისა და იაპონიის ლიდერებთან ერთად მონაწილეობს.
„ქუჩებში უდანაშაულო მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ და მილიონობით ლტოლვილი იძულებით გადაადგილებული და გასახლებულია. ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ევროპული საკითხი, ეს არის გლობალური საკითხი,“- აღნიშნა ბაიდენმა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის სკოლებზე, ეკლესიებსა და მუზეუმებზე თავდასხმით კულტურის განადგურებას ცდილობს.
ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფაქტი „ქუადის“ მიზნებსა და საერთო ღირებულებებს კიდევ უფრო ამაღლებს.
„საერთაშორისო წესრიგის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ფუნდამენტური პრინციპები, საერთაშორისო სამართალი, ადამიანის უფლებები ყოველთვის უნდა იყოს დაცული, მიუხედავად იმისა, თუ სად ირღვევა ისინი. ასე რომ, „ქუადს“ წინ ბევრი სამუშაო აქვს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა.