ბექა შენგელიამ პროკურორებს ფეხსაცმელი ესროლა

ბექა შენგელიამ პროკურორებს ფეხსაცმელი ესროლავარკეთილში, სპეცოპერაციისას დაკავებულ მეგობრებს – ბექა და გიორგი შენგელიებს, რომელთაც პოლიციელზე თავდასხმას, მისი ჯანმრთელობის ხელყოფასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ალექსანდრე მზირიშვილმა გამოაცხადა.

9 მაისის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდა.

ბექა შენგელიამ სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, პროკურორების მისამართით ფეხსაცმელი ისროლა.

როგორც პროკურორი დავით ყაზარაშვილი აცხადებს, სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე რეაგირება უკვე დაწყებულია.

„დღეის მდგომარეობით, ამ ადამიანების დანაშაულებრივი ქმედებები სრულდებოდა და გრძელდებოდა სასამართლო პროცესზე, სადაც მათ განახორციელეს სასამართლოს უპატივცემლობა. ყველა ამ გარემოებაზე და ფაქტზე, შესაბამისი რეაგირება იქნება და ეს რეაგირება უკვე დაწყებულია. შესაძლებელია, ბრალი დამძიმდეს“, – განაცხადა ყაზარაშვილმა.

ცნობისთვის, ბექა და გიორგი შენგელიებს, საქართველოს პროკურატურამ, მცხეთაში მომხდარ, პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდება 8 მაისს წარუდგინა.

გამოძიების ინფორმაციით, 14 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრზე, მცხეთის ტერიტორიაზე, დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობის დროს, ბექა შენგელია თავს დაესხა და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი განზრახ დააჯახა საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, დავით მიქიაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს, რომელიც შეჯახების შედეგად ამოტრიალდა და დავით მიქიაშვილმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.

იპნ