დიდი ბრიტანეთი უკრაინელებისთვის 45 მილიონ გირვანქას გამოყოფს

დიდი ბრიტანეთი უკრაინელებისთვის 45 მილიონ გირვანქას გამოყოფსგაერთიანებული სამეფო უკრაინასა და მის საზღვრებთან მყოფი დაუცველი უკრაინელებისთვის 45 მილიონ გირვანქა სტერლინგს (57 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს.

„დახმარების პაკეტი გადაეცემა გაეროს სააგენტოებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ძალადობისა და ზიანის მიმართ ყველაზე დაუცველთა დასახმარებლად, – აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებაში.

მისი განმარტებით, დახმარება განკუთვნილია უკრაინაში ყველაზე დაუცველებისთვის, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვებისთვის, რომლებიც სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციის გაზრდილი რისკის წინაშე დგანან. აღნიშნული 45 მილიონიდან 15 მილიონი გაეროს უკრაინის ჰუმანიტარულ ფონდს გადაეცემა, 15 მილიონი – გაეროს ბავშვთა სააგენტოს, UNICEF-ს, 10 მილიონით დააფინანსებს ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს სასაზღვრო ქვეყნებში, რათა დაიცვან იქ შეფარებული ქალები და ბავშვები, 5 მილიონი კი გადაეცემა უკრაინის წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციას. ასევე დამატებით 20 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოიყოფა პოლონეთში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების ჰუმანიტარული დახმარებისთვის.