თბილისში, მამარდაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის შესახებ “ტვ პირველმა” ახალი დეტალები გაარკვია – ირკვევა, რომ ახალგაზრდა ქალი ყოფილმა ქმარმა მცირეწლოვანი შვილის თვალწინ დაჭრა. შემზარავი ფაქტი ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა.
მოძალადემ ყოფილ ცოლს 6 ჭრილობა მიაყენა. “პირველებმა” გაარკვია, რომ მამაკაცს შემაკავებელი ორდენი ჰქონდა გამოწერილი და ყოფილ ცოლთან მიახლოება ეკრძალებოდა.
ის ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულიც იყო, თუმცა ციხიდან 3.000 ლარიანი გირაოთი, რამდენიმე დღის წინ გამოუშვეს.
გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, კაცი ნარკომომხმარებელია და ყოფილ ცოლს ხშირად სთხოვდა ფულს.
ფაქტი დღეს დილით მაშინ მოხდა, როცა ახალგაზრდა ქალს შვილი სკოლაში მიყავდა. პოლიციამ ბრალდებული დააკავა. გაჩხრიკეს ავტომობილი, რომლითაც სავარაუდოდ თავდამსხმელი გადაადგილდებოდა.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.