ბორჯომში ბოლო ზარი მსხვერპლით დასრულდა. ავტომობილი, რომელშიც მოსწავლეები ისხდნენ, მდინარეში გადავარდა. ავტომობილში 4 ახლად სკოლადამთავრებული მოზარდი იჯდა. მათგან ერთი შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას გარდაცვლილი დახვდა. სამი კი დაშავდა და მრავლობითი დაზიანებებით ბორჯომის კლინიკა “ჯეო ჰოსპიტალში” არიან გადაყვანილი. მათაგან ერთი გოგონა და ორი ბიჭია.
ambebi.ge -ს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, რომ დაღუპული 17 წლის მოზარდი ბორჯომის მე-3 სკოლის მოსწავლე ლუკა ლეკიაშვილია.
როგორც უწყებაში გვითხრეს, მოსწავლეები მწვანე მონასტერში მოსალოცად იყვნენ მისული და როდესაც უკან ბრუნდებოდნენ, ავტომობილი მდინარეში გადავარდა.
“საშინელება ტრიალებს. ლუკას დედაც ამავე სკოლის მასწავლებელია, ინგლისურს ასწავლის. ბოლო ზარი უკვე დასრულებული იყო, ავტომობილების კოლონა მწვანე მონასტრის ტერიტორიიდან ხაშურისკენ მიდიოდა, სადაც რესტორანში უნდა ექეიფათ. სხვები უკვე წინ იყვნენ და ეს მანქანა უკან იყო, რა დროსაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა.
ავტომობილი მდინარეში გადავარდა. ვიზუალური დათვალიერებით გარდაცვლილ ბიჭს სხეულზე მნიშვნელოვანი დაზიანებები არ აღენიშნება, არაოფიციალური ვერსიით, წყალში გადავარდნისას შესაძლოა, გული გაუსკდა” – ამბობენ შემთხვევის ადგილზე მყოფი ბორჯომელები.
ambebi.ge -ს შსს-ში მომხდარი დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, გამოძება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
ამბები