„ეჭვი მეპარება, რუსეთის პრეზიდენტი ვინმეს უკვეთავდეს სააკაშვილის დასჯას…” – მეუფე გრიგოლი

„ეჭვი მეპარება, რუსეთის პრეზიდენტი ვინმეს უკვეთავდეს სააკაშვილის დასჯას..." - მეუფე გრიგოლიფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას, აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი „მძიმე შემთხვევაა”.

„მე ვფიქრობ, საერთოდ მძიმე შემთხვევასთან გვაქვს ჩვენ საქმე, არ მინდა, რომ რომელიმე პრეზიდენტს მოუწიოს ასე კიდევ, თუმცა არსებული სურათი ჩვენ გვიჩვენებს, რომ ზოგადად ის რაც დღეს ხდება ქვეყანაში, აჩენს მოლოდინებს, რომ როცა დავუშვათ, შეიცვლება ხელისუფლება, ჩვენ შეიძლება ვიხილოთ ასეთივე შურისძიებები, რაც ძალიან მძიმე წარმოსადგენია.

ერთხელ ხომ უნდა გადაიდგას ის ნაბიჯი, რომ ჩვენ შემოვტრიალდეთ სინათლისკენ, რომელ სინათლეშიც ჩვენ ერთმანეთს თვალი გავუსწოროთ.

პირადად მე, ჩემი აზრი რა გითხრათ, ჩემი აზრია, ის, რომ ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს.

საერთოდ, ეს არის თემა ჰუმანურობისა და ანტიჰუმანურობისა და ვისაც ეს ეხება ეს თვითონ გაიგებს, თუ ვინმეზე არის ეს დამოკიდებული, პიროვნებებზე თუ პირთა ჯგუფებზე.

მე ეჭვი მეპარება ვინმეს უკვეთავდეს სააკაშვილის დასჯას რუსეთის პრეზიდენტი, აქ ცოტა სხვა ფენომენთან გვაქვს საქმე.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთს არ უხარია, რომ სააკაშვილი ციხეშია, მაგრამ სწორედ იმ მოვლენასთან გვაქვს საქმე, რომ აქ არა თუ დაკვეთაა, არამედ ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ეს ფაქტი, თითქოს ესიამოვნება ჩვენ ჩრდილოელ მეზობელს და ის აღარ დაგვესხმება თავს, ეს გარდაუვალია, ამას ვერაფერი ვერ შეაკავებს, დღეს არა ხვალ, ხვალ არა ზეგ, თუ ჩვენ არ გვექნა პრინციპული პოზიცია”.