ფინეთის სახელმწიფო გაზის კომპანია Gasgrid Finland-მა განაცხადა, რომ დღეს, ქვეყანაში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა. „გაზის მიწოდება Imatra-ს მიმღები პუნქტიდან 2022 წლის 21 მაისს შეწყდა. Gasgrid Finland-მა გაზის იმპორტი Balticconnector-ის მიმღებ პუნქტზე მიმართა და გაზის სისტემა ამჟამად დაბალანსებულია“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ფინურმა კომპანია Gasum-მა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არ ეთანხმება Gazprom Export-ის მოთხოვნას, ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, არ განახორციელებს გადახდებს რუბლში.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 23 მარტს განაცხადა, რომ არამეგობრულმა სახელმწიფოებმა რუსული გაზის საფასური რუბლში უნდა გადაიხადონ.