თბილისის რომელ უბნებში გაძვირდა და გაიაფდა კერძო სახლები

თბილისის რომელ უბნებში გაძვირდა და გაიაფდა კერძო სახლები2022 წლის იანვარ-მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბინებზე ფასი 4.5%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 1%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2022 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 4.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 3.4 პროცენტი შეადგინა.

ცნობისთვის, ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

2022 წლის პირველ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (5.4 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (2 პროცენტი).

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რომელ უბანში როგორ შეიცვალა კერძო სახლებზე ფასი 2022 წლის 1-ელ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით.

2022 წლის იანვარ-მარტში 2021 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით, კერძო სახლები მხოლოდ ვაკეში, საბურთალოზე, სამგორის, ნაძალადევისა და გლდანის რაიონში გაიაფდა. კერძოდ, ვაკის რაიონში ფასები 1 კვ. მეტრზე 65 ლარით, საბურთალოზე – 10 ლარით, სამგორისა და ნაძალადევის რაიონში 30 – 30 ლარით, ხოლო გლდანში 15 ლარით შემცირდა.

რაც შეეხება ფასის მატებას, თბილისში უბნების მიხედვით, 1 კვ. მეტრზე ფასები გაიზარდა:

მთაწმინდა – 230 ლარით;
დიდუბე – 480 ლარით;
ისანი – 475 ლარით;
კრწანისი – 70 ლარით;
ჩუღურეთი – 20 ლარით.