უკრაინაში დავით ჟვანია დაიღუპა

უკრაინაში დავით ჟვანია დაიღუპაგუშინ, გვიან ღამით უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ Telegram-ზე დაწერა, რომ მათი წყაროს ინფორმაციით, უკრაინაში რადას ყოფილი დეპუტატი, დავით ჟვანია დაიღუპა. ინფორმაცია უკრიანულმა მედიასაშუალებებმაც გაავრცელეს.

არსებული ცნობებით, ის ზაპოროჟიეს რაიონში, სოფელ ნოვოპოკროვკასთან საარტილერიო თავდასხმას ემსხვერპლა.

ცნობილია ისიც, რომ ჟვანიას რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა და იყო „როსატომის“ არაოფიციალური წარმომადგენელი.

დავით ჟვანია 1967 წლის 20 ივლისს, თბილისში დაიბადა. მამა, ვაჟა ჟვანია პროფესიით ფიზიკოსი და ფილოსოფოსი, უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს. დათოს დედა ექიმი-ჰემატოლოგი გახლდათ და წლების განმავლობაში რკინიგზის საავადმყოფოში მუშაობდა.

მან თბილისის 61-ე სკოლა დაამთავრა, შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომისტის პროფესიას დაეუფლა. საბჭოთა ჯარში იმსახურა. 1991 წელს კი საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა, სადაც ერთ-ერთ ადგილობრივ კომპანიაში – „სავაჭრო სახლი“ მენეჯერად დაიწყო მუშაობა. შემდეგ ამავე კომპანიის ფინანსური დირექტორი გახდა, შემდეგ კი სხვა კომპანიას – „ბრინკფორდ კონს ლიმიტედის“ პრეზიდენტი.

პოლიტიკაში მისი კარიერა 2002 წლიდან იწყება. უკრაინის უმაღლეს რადაში ის ბლოკ „ნაშა უკრაიანას“ სიით მოხვდა. დეპუტატის რანგში ჟვანიამ ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტი ჩაიბარა. 2005 წელს კი იულია ტიმოშენკოს მთავრობაში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

დავით ჟვანიას დარჩა მეუღლე ოქსანა და ოთხი შვილი: ანა, დიანა, სოფია და დავითი.