„დედ-მამა სიკვდილს ნატრობს“ – რას ამბობს დები ზარანდიების მამიდა

„დედ-მამა სიკვდილს ნატრობს“ - რას ამბობს დები ზარანდიების მამიდა7 წლის წინ, 13 ივნისის ღამეს მომხდარმა სტიქიამ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათ შორის იყვნენ დები, ინდირა და ლიზა ზარანდიები. 22 წლის ინდირა რადიო “საქართველოს ხმაში” მუშაობდა და მალე დაქორწინებას აპირებდა, 25 წლის ლიზა კი სტომატოლოგი გახლდათ.

ოჯახისთვის დღეს უმძიმესი დღეა. გოგონები სახლთან ახლოს ხობში, სოფელ გურიფულში დაკრძალეს. მშობლებისთვის ყოველი დღე მათ საფლავზე გასვლით და მოთქმით იწყება.

მამიდა ფერიდე გოგია ამბობს, რომ ენით აღუწერელ ტკივილთან ერთად ცხოვრობენ.

„რაც დრო გადის, მით უფრო გვიმძიმს. როგორი გარდაცვალება ეღირსათ. იმ დღის გაფიქრება მიმძიმს. მიცვალებულების ცხედრების ძიება, ეძებენ ვინ ჰგავდა ლიზის, ვინ ჰგავდა ინდის. თავს იმით ვინუგეშებთ, რომ იმიერში მათი სულები უფალთანაა, სადაც მართალნი განისვენებენ. უჭირს მათ მშობლებს, გვიჭირს ყველა მათ ახლობელს. დედ-მამა სიკვდილს ნატრობს….

ძმა ლუკა სტუდენტია, ცდილობს მშობლები გაამხნეოს. მესამე კურსზეა ილიაუნში, სადაც ინდი სწავლობდა.

მაშინ გოგონებს მთელი საქართველო გლოვობდა. ინდის ჰქონდა პოსტი-მთელი მსოფლიო გამიცნობსო. ბევრ რამეზე ოცნებობდნენ, ამდენი ფოტოები, რომელიც ახლა სახლის ყველა კუთხიდან შემოგვცქერიან.

მშობლებს აწუხებთ კითხვები, რატომ? რატომ ვერ მოხდა მათი გადარჩენა ქალაქის ცენტრში”,- ამბობს მამიდა.

გოგონების დაღუპვის დღეს მათ საფლავზე მთელი სოფელი,ახლობლები თავს იყრიან და მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ.