პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის ინფორმაციით, ევროპულმა საბჭომ დღეს გამართულ სამიტზე, უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.
მორავეცკის თქმით, უკრაინის დასახმარებელ დოკუმენტში ასევე მოცემულია დებულებები, რომლებიც უკრაინის სამხედრო დახმარებასაც მოიცავს.
„რა ძნელია, როდესაც მტრის ამხელა ძალასთან იბრძვი. ამიტომაა, რომ პოლონეთი, ისევე როგორც შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უკრაინას იარაღის მოპოვებაში დაეხმარონ”, – განაცხადა მორავეცკიმ.
ამასთან, მორავეცკიმ ევროკომისიას მადლობა იმ პოზიტიური როლისთვის გადაუხადა, რომელმაც ევროკავშირის ლიდერები უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში დაარწმუნა.
მორავეცკიმ დასძინა, რომ თუ ევროკავშირი უნდა იყოს სტრატეგიულად ძლიერი და მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშე, მან უნდა უზრუნველყოს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს გაწევრიანება მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი დემოკრატიულ ტრანსფორმაციას გაივლის.