„ახალი თაობის” კითხვებს ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია პასუხობს.
– ბატონო ნიკა, როგორ აფასებთ ბოლო პერიოდის ეკონომიკურ პროცესებს? მაისის მეორე ნახევრიდან ლარმა გამყარება დაიწყო, თუმც მაისის ბოლოს კვლავ გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა ხელოვნური ჩარევით გააუფასურა ლარიო. რა ხდება და რა პოლიტიკა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს?
– ლარი, რა თქმა უნდა, ხელოვნურ სუნთქვაზე იყო შეერთებული, რომ გაამყარეს, იმიტომ, რომ ვერაფერს უხერხებდნენ საწვავზე ფასებს. კონკურენციის სააგენტოს შუალედური დასკვნა არაფერია ამასთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ ამზადებენ ფონს დააჯარიმონ კომპანიები. კარგი იქნება მოიძიოთ, 2015 წელს რომ დააჯარიმეს კომპანიები, საერთოდ რამდენმა გადაიხადა ეს ჯარიმა. გამომდინარე აქედან, ფასებზე რომ სტაბილურობა მიეღწიათ, გადაწყვიტეს ლარის გამყარება. ვხედავთ, რომ ესეც არაეფექტური აღმოჩნდა.
– რამდენიმე მილიონი დოლარი ამოიღო ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან და ლარიც გაუფასურდა. რატომ მოიქცნენ ასე?
– რეზერვები შეივსო ეროვნულმა ბანკმა და მიანიშნა რომ 2,85-ს ქვემოთ ლარის გამყარება არ მიაჩნდათ საჭიროდ. მეტად რომ გამყარდეს ლარი, მაშინ ექსპორტი შეუმცირდებათ. ამიტომ სპეკულაციის შემთხვევები დაუშვეს. კომერციულმა ბანკებმა კი ამ ყველაფრით კარგად იხეირეს. ძალიან დიდი მოგება ნახეს. იაფად ნაყიდი დოლარი, ისევ ძვირად მიყიდეს მოსახლეობას. ახლა, ამ შუალედში, ალბათ, ასე ათამაშებენ ამ ლარის კურსს.
– აქედან გამომდინარე, ალბათ ფასებიც აღარ დაიკლებს?
– ფასები არ დაიკლებს, იქნება მაღალი და აქედან გამომდინარე ინფლაციაც გვექნება მაღალი. ეროვნული ბანკის პოლიტიკის კრიტიკა, ჯერ კიდევ ორი წლის წინ დავიწყეთ ჩვენ. ინფლაცია, რომელიც არსებობს ქვეყანაში, მას უნდა ებრძოლონ მეტი პროდუქციის წარმოებით, მეტი მომსახურების მიწოდებით. ამას კიდევ სჭირდება იაფფასიანი ფული, რაც ეწინააღმდეგება ეროვნული ბანკის პოლიტიკას. ის, პირიქით, ფულს აძვირებს. პირდაპირ ვთქვათ და დავარქვათ სახელი, რომ ეროვნული ბანკი არც არასდროს არ მდგარა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ფერხულში თავისი ძვირიანი ფულადი პოლიტიკით.
– რას ემსახურება ეროვნული ბანკის პოლიტიკა?
– ეს განყენებული ორგანოა. საერთოდ სხვაგან დგას ეროვნული ბანკი და საბანკო სისტემა. ეროვნული ბანკის ასეთი პოლიტიკის პირობებში, ქვეყნის ეკონომიკა ვერ განვითარდება.
– პრემიერი სულ სხვა რამეს საუბრობს, თითქოს დუღს და გადმოდის ჩვენი ეკონომიკა.
– ის ციფრები, რომელსაც ახლა აქვეყნებენ, ეს არის მხოლოდ ციფრები, გალამაზებული ციფრები. თუ ასეთი მზარდია ჩვენი ეკონომიკა, თუ ასეთი მდიდრები ვართ, მაშინ ხალხი არ უნდა გარბოდეს ქვეყნიდან. სამუშაო ადგილები არ უნდა მცირდებოდეს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ პიარს. ქვეყანაში არ არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და არ არის სწორი ფულად საკრედიტო პოლიტიკა.
– ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუ მოულოდნელი შოკი არ გაჩნდა, მაშინ წლის მეორე ნახევარში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან მივალთო.
– იმისთვის ხარ ეროვნული ბანკი და იმისთვის გაქვს ეს ბერკეტები, რომ სიტუაცია მართო. დასაბრალებელი თემები ყოველთვის ჰქონდათ, ხან პანდემიას დააბრალეს და ხან თურქულ ლირას. მიზეზებს რა გამოლევს. დასაბრალებელი მიზეზი არ ექნებათ თუ სწორ პოლიტიკას აწარმოებენ. ანუ, უნდა იყოს იაფი ფული და ქვეყანამ უნდა შეძლოს სოფლის მეურნეობით იმდენი პროდუქტი მოიყვანოს, რომ თავის თავი მაინც დაიკმაყოფილოს. მოსახლეობას ძალიან უჭირს და ძალიან წუხს პირველადი მოხმარების პროდუქტების ასე გაძვირებით.
– კატასტროფულადაა გაზრდილი ფასები.
– დიახ, ასეა. ელემენტარულად კიტრი, პომიდორი და კარტოფილი ვერ მოუყვანია ქვეყანას! ამხელა სამინისტრო არსებობს, ამხელა ეროვნული ბანკი და ეს ვერ გადაუწყვეტიათ. ხან რას აბრალებენ და ხან რას. ვისაც გინდა, იმას დააბრალონ, ეს არის თავიანთი უნიათობის ბრალი. ვერ შექმნეს, ვერ განავითარეს ისეთი სოფლის მეურნეობის სექტორი, რომ ადგილობრივი კვების პროდუქტებით მაინც დაიკმაყოფილონ თავი. ასევე, ხორბალზეც შეიძლება 70%-მდე გაზრდა. თუმცა არაფერი არ კეთდება ამ მხრივ. არ არიან კვალიფიციურები. საბითუმო ბაზარზე კარტოფილის ფასი ორ ლარს გაცდა. როდესაც კარტოფილი ვერ მოგყავს იმ რაოდენობით და ხედავ, რომ ძვირდება, ის მაინც გააკეთე, რომ აკრძალო მისი გატანა ექსპორტზე. რუსეთში გადის, აზერბაიჯანში, სომხეთში. საერთოდ არა აქვთ გააზრებული, რა და როგორ უნდა გააკეთონ.
– საერთოდ არ აინტერესებთ ხალხის ყოფა?
– რეალურად ასეა. არ აინტერესებთ, მაგრამ ხალხსაც რომ შეხედოთ, მათაც არ აქვთ პროტესტი. მგონი, საერთოდ აღარ აინტერესებთ, რა ფასები იქნება.
– რატომ არ აქვთ პროტესტი?
– გეტყვით ამის მიზეზს. ასე იმიტომ ხდება, რომ მოსახლეობის 40% ჩამოკიდებულია ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხაზე. საერთოდ არ აწუხებს ეს ფასები, არც პროტესტი უჩნდება და არაფერი. ახურდავებენ ამ დოლარებსა და ევროებს და იკვებებიან იმით. აი ეს არის სიმართლე, ვთქვათ პირდაპირ. აქ არ არის სამუშაო ადგილები და ხალხი მიდის ევროპაში, რომ იქ დასაქმდეს. აი ესაა ჩვენი რეალობა. ქართული ეკონომიკა, წინა მთავრობის დროსაც და ახლაც, ჩამოკიდებულია ემიგრანტების შრომაზე. ერთადერთი ფაქტორი, რაც ქართულ ლარს ამყარებს, არის სწორედ ის თანხები, რაც ემიგრანტების მიერ ირიცხება და მიემართება შემდეგ ლარის მოთხოვნაზე. ემიგრანტების შრომაზეა ჩამოკიდებული ქართული ეკონომიკა! წლის განმავლობაში საქართველოში შემოდის დაახლოებით სამ მილიარდამდე დოლარი, ხან ცოტა მეტიც. წინა წელს სამი მილიარდ 350 მილიონი იყო. ეს არის ფაქტიურად ჩვენი ბიუჯეტის მესამედი. რა გამოდის? ბიუჯეტის მესამედი შემოდის ემიგრანტების შრომიდან. მოსახლეობის ნახევარი დღეს ცხოვრობს ემიგრანტების გამოგზავნილი ფულით. აი ეს არის რეალობა.