პოლონეთში, ქმრის მიერ მოკლულ 26 წლის როზეტა ყალიჩავას საქართველოში 4 ივნისს ჩამოასვენებენ. ოჯახი ახლა როზეტას სამი მცირეწლოვანი – ექვსი, ოთხი და ორი წლის შვილების საქართველოში ჩამოყვანას ცდილობს. ბავშვები ამჟამად პოლონეთში, თავშესაფარში იმყოფებიან და დეიდის ინფორმაციით, მათთან ექიმები და ფსიქოლოგები მუშაობენ.
„ბავშვებმა არ იციან, რომ დედა აღარ ჰყავთ“, – ამბობს როზეტას და, ლორიტა ყალიჩავა.
„ბავშვების სანახავად ჩემი ძმა იყო მისული, ისიც პოლონეთში ცხოვრობს. ტირიან და დედას კითხულობენო. უცხო გარემოში არიან, არავის იცნობენ, პატარები არიან და ძალიან განიცდიან. ყველას ვთხოვ, ვისაც კი შეიძლება, რომ ეს ამბავი ეხებოდეს, იქნებ როგორმე დროულად მოხერხდეს ბავშვების საქართველოში ჩამოყვანა. დაგვეხმარონ, რომ ბავშვები სახლში დავაბრუნოთ“
ბავშვების საქართველოში დაბრუნების პროცესში საქართველოს ზრუნვის სააგენტოა ჩართული.
„სააგენტო საჭიროების ფარგლებში ჩართულია აღნიშნულ საქმეში. ვიმოქმედებთ საჭიროებისამებრ“, – აცხადებენ ზრუნვის სააგენტოში.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ როზეტა ყალიჩავას შვილების საქართველოში დაბრუნების პროცესშია ჩართული და როზეტას ოჯახს იურიდიულ დახმარებას უწევს.
იურისტ თამარ ლუკავას თქმით, ამ ეტაპზე, საქართველოში მზადდება დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც, როზეტას დედასა და ბავშვების ბებიას, მეურვის სტატუსი უნდა მიენიჭოს.
როგორც თამარ ლუკავა აცხადებს, პროცესის დასაჩქარებლად ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ მეურვეობის მინიჭების დროებითი განკარგულება უნდა გამოსცეს.
პრაიმ ტაიმი