სალომე კობალაძე – “ლევან კაჭარავა დაცვით არ დადიოდა, მას პრობლემები არ ჰქონია”

სალომე კობალაძე - "ლევან კაჭარავა დაცვით არ დადიოდა, მას პრობლემები არ ჰქონია"მოკლული ბიზნესმენის, ლევან კაჭარავას დედა ვარაუდობს, რომ მისი შვილი დაქირავებულმა ქილერმა მოკლა, დანაშაული კი საზღვარგარეთ დაიგეგმა.

ოჯახის წევრებს არ აქვთ ვერსია, თუ რას უკავშირდება ბიზნესმენის მკვლელობა. კაჭარავას დეიდაშვილის, სალომე კობალაძის თქმით, ბიზნესმენს წარსულში პრობლემა არ ჰქონია.

“ოჯახს ამ წუთას არანაირი ვერსია არ აქვს კონკრეტული. გუშინდელი ამბის მერე, ისეთი თავზარდაცემულები ვართ, ვერც ვფიქრობთ, ვის შეიძლება ასეთი ორგანიზებული დანაშაული ჩაედინა, ვერ ვფიქრობთ, არ ჰყავს კონკრეტული მტერი. ვიცი, რომ იყო საქმიან შეხვედრაზე იყო. ნამდვილად არ უთვალთვალებენ, არც პრობლემა ჰქონია, არასოდეს დადიოდა დაცვით”, – თქვა მოკლულის დეიდაშვილმა.
ლევან კაჭარავა გუშინ, 24 ივნისს წყნეთის გზატკეცილზე საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. სავარაუდოდ მას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. პოლიციას დამნაშავე ჯერ იდენტიფიცირებული და დაკავებული არ ჰყავს. არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელმა კარგად იცოდა ბიზნესმენის გადაადგილების მარშრუტი და მას ჩასაფრება ისეთ ადგილზე მოუწყო, სადაც არც შენობებია და არც გარე სათვალთვალო კამერები.