„ამ დროისთვის უკვე ყველა დიდი წისქვიკომბინატი გაჩერებულია” – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ლევან სილაგავა ამბობს, რომ ასოციაციამ სახელმწიფოს დამაბალანსებელი გადასახადის დაწესება შესთავაზა, რაც წისქვილების ფუნქციონირების აღდგენას უზრუნველყოფს. პასუხს კი, ერთი კვირის ვადაში ელოდებიან.
„ამ დროისთვის უკვე ყველა დიდი წისქვიკომბინატი გაჩერებულია. მთავრობასთან გვაქვს მოლაპარაკებები და თუ რამე შედეგი იქნება, უნდა იყოს უახლოეს ერთ კვირაში. ამ დროში გადაწყდება, მოვახერხებთ თუ არა ფუნქციონირების გაგრძელებას. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი წინადადება დამაბალანსებელი გადასახადია და არცერთ შემთხვევაში, ჩვენ არ ვითხოვთ პურის გაძვირებას. მეტიც, ავიღებთ სოციალურ პასუხისმგებლობას, თვეში 10 000 ტონა ფქვილი, ანუ ის რაც სოციალური პურის წარმოებისთვისაა საჭირო, პურის ქარხნებს მივაწოდოთ ფიქსირებულ ფასად. დანარჩენი კი, იქნება თავისუფალი ბაზარი და კონკურენცია. ჩვენი მოთხოვნის განმაპირობებელი ფაქტორი მარტივია, მაშინ, როცა პურზეც და ფქვილზე გადასახადი ნულოვანი იყო, 97% ფქვილი ბაზარზე ადგილობრივად წარმოებული იყო და ახლა, ხორბალი საქართველოში აღარ შემოდის, შესაბამისად, არც ფქვილი იწარმოება. ველოდებით შედეგს“, – აცხადებს სილაგავა.
მისივე თქმით, როგორიც უნდა იყოს ადგილობრივი მოსავალი, იმპორტირებული ხორბლის გარეშე წისქვილები მუშაობას ვერ განაახლებენ.
„სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამბობს, რომ ადგილობრივი ხორბლის კარგ მოსავალს ელოდებიან, თუმცა თუ არ გვექნება გაწერილი გეგმა, მხოლოდ ადგილობრივი მოსავალი ვერ აწევს სიმძლავრეებს, რაც დიდ წისქვილებს სჭირდებათ. მით უფრო, რომ ალოობის შემდეგ ხორბალი ერთიანად არ იფქვება და ფერმერები ინახავენ სხვა სეზონისთვის, როცა ფასი მეტია. ასეთია ქართული და საერთაშორისო პრაქტიკაც“, – ამბობს სილაგავა „ბიზნესპრესნიუსთან“.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში ხორბლის ექსპორტზე დაწესებული გადასახადის გამო, საქართველოში მისი იმპორტი შემცირდა. სამაგიეროდ, გაიზარდა ფქვილის იმპორტი, რაზეც მთავარ იმპორტიორ ქვეყანას საექსპორტო გადასახადი დაწესებული არ აქვს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში იმპორტირებულია 8 181 ტონა ხორბალი და მესლინი (2.9 მილიონი აშშ დოლარი), რაც 2021 წლის აპრილის მაჩვენებელზე, 31 140 ტონაზე (7 364 მილიონი აშშ დოლარი), 73%-ით ნაკლებია. წელსაც ქვეყანაში ხორბლის მთავარი შემომტანი რუსეთია – აპრილში ჩრდილოელი მეზობლისგან 8 117 ტონა ხორბალი ვიყიდეთ, რაც მთლიანი რაოდენობის 99%-ია. დანარჩენი 1% ყაზახეთსა და ავსტრიაზე მოდის.
შედარებისთვის, წინა წლის შესაბამის თვეში საქართველომ რუსეთისგან 28 261 ტონა ხორბალი იყიდა, რაც წლევანდელ მაჩვენებელზე 71%-ით მეტია, აშშ-სგან კი გასული წლის აპრილში 2 879 ტონა ხორბალი ვიყიდეთ.
ხორბლისგან განსხვავებით იზრდება ფქვილის იმპორტი – მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში სულ 16 269 ტონა ფქვილია შემოსული, რაც წინა წლის აპრილის მაჩვენებელზე, 1 452 ტონაზე, 1020%-ით მეტია. იმპორტირებულ პროდუქციაში 6 მილიონ დოლარზე მეტი გადავიხადეთ.
ფქვილის მთავარი მომწოდობელიც საქართველოსთვის რუსეთია, იმპორტირებული პროდუქციის 99% სწორედ რუსეთზე მოდის, 1% კი თურქეთსა და იტალიაზე.
2022 წლის აპრილში რუსეთისგან საქართველომ 16 170 ტონა ფქვილი იყიდა, რაც წინა წლის აპრილის მაჩვენებელზე 1039%-ით მეტია.
ბიპიენი