31 წლის ქართველს, რომელიც ნიდერლანდში ქალებს ნემსით აბრუებდა, პატიმრობა მიესაჯა

 31 წლის ქართველს, რომელიც ნიდერლანდში ქალებს ნემსით აბრუებდა, პატიმრობა მიესაჯანიდერლანდური მედიის ცნობით, 5-თვიანი პატიმრობა მიესაჯა 31 წლის ქართველ კაცს, ლ.ვ-ს ვინც ჰააგაში მუსიკალურ ფესტივალზე ქალს ნემსით აბრუებდა.

ინციდენტი ჰააგაში, ზუიდერპარკში ღია ცის ქვეშ გამართულ ცეკვის ფესტივალზე, 18 ივნისს მოხდა. კაცი შემთხვევის ადგილას დააკავეს. პოლიციამ მას კანქვეშა ინექციებისთვის გამოსაყენებელი ნემსი უპოვა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ შპრიცი სხვადასხვა ნივთიერებას, მათ შორის კოკაინს და ჰეროინს შეიცავდა.

შემთხვევას რამდენიმე მოწმეც ჰყავს. მათი თქმით, დაინახეს 31 წლის კაცმა ნემსი რამდენიმე ადამიანს როგორ ჩაარჭო. კაცს 1 შემთხვევაზე ასამართლებენ.

მედიის ცნობით, ეს ნიდერლანდებში ნემსით ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა ნივთიერების უნებართვოდ შეყვანის შემთხვევაზე პირველი სასამართლო პროცესია.

„ჩვენ შედარებით ახალ ფენომენზე ვსაუბრობთ. საშინელებაა რაც ჩაიდინეთ, ეს დაუშვებელია. მკაფიო უნდა იყოს, რომ ამგვარ ქმედებას პასუხი მოჰყვება. ეს უნდა შეწყდეს“ – განაცხადა მოსამართლემ სასამართლო პროცესზე.

შემთხვევის შედეგად დაზარალებულმა ქალმა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა. მედიკოსებმა მის ფეხზე წითელ წერტილი აღმოაჩინეს, რაც მათი თქმით, „თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას“, რომ ნანემსარია.

დაზარალებული თავს შეუძლოდ გრძნობდა, თავბრუ ეხვეოდა, მაგრამ გონება არ დაუკარგავს.

ბრალდებულმა აღიარა, რომ მას თან ჰქონდა ნემსი და შპრიცი, თუმცა განაცხადა რომ ის პირადი მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი, რადგან კბილი სტკიოდა. ის სხვა ადამიანებზე თავდასხმას უარყოფს.

„იმას მაბრალებენ, რაც არ გამიკეთებია“ – განაცხადა ბრალდებულმა.