ბერი, რომელიც ცოლს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკვლით ემუქრებოდა, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მარტყოფის მამათა მონასტრის ბერი ახლა განსასჯელის სკამზე ზის და განაჩენს ელოდება.
გერმანე კვარაცხელია დანაშაულს აღიარებს, მაგრამ მოტივებზე დუმილს ამჯობინებს. ერთადერთი რაც მან დღეს მოითხოვა, სასამართლო პროცესის დახურვა იყო, რაც მოსამართლემ დაუკმაყოფილა. დახურული პროცესის განმავლობაში ბრალდებულ ბერს ჩადენილ დანაშაულზე არ უსაუბრია. თქვა მხოლოდ ის რომ მომხდარს ინანიებს და მდუმარებაშია.
შემთხვევა 6 ივნისს, თემქაზე მოხდა. საქმეში დევს ბერის არასრულწლოვანი შვილების ჩვენებები, რომლებიც დეტალურად აღწერენ, როგორ ცდილობდა მამა მათი დედის მოკვლას.
გერმანე კვარაცხელიას ბიოგრაფიაში ეს არ არის პირველი შემთხვევა. სასულიერო პირი ერთხელ უკვე ნასამართლევია და სასჯელიც მოხდილი აქვს. გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ, ბერი ყოფილ სიდედრს ჩანგლით მოკვლას უპირებდა. ის გაასამართლეს, თუმცა რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს.