საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონის დასაწყისში პარკის მოწყობა დასრულდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 14 700 კვ.მ ფართობზე ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მეორე და მესამე მიკრორაიონებს შორის, ე.წ. წრესთან მდებარე ტერიტორია, სადაც ძველი სპორტული მოედანი არსებობდა, გასხვისებული იყო და რამდენიმე მესაკუთრე ჰყავდა, მაგრამ მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მოხდა მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა და ტერიტორია ქალაქს დაუბრუნდა.
დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.
„დიდ დიღომში კიდევ ერთი ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დასრულდა. ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ აქ პარკი გაშენებულიყო. ადრე არსებობდა სტადიონი, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა იყენებდა და წლების წინ ტერიტორია სამშენებლო სამუშაოებისთვის გასხვისდა. რომ არა ჩვენი ჩარევა და გადაწყვეტილება, რომ ეს ტერიტორია ადგილობრივ მოსახლეობას დაბრუნებოდა, ალბათ აქ კორპუსები იქნებოდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყო შადრევანი, ამფითეატრი, საბავშვო ზონა, ველობილიკი, სავარჯიშო და ძაღლების გასასეირნებელი სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები, განათების სისტემა. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, რომელიც მოიცავდა სარწყავი სისტემის მოწყობას, რულონური ბალახის დაგებასა და სხვადასხვა სახეობის 735 ძირი ხე-მცენარის დარგვას.
აღნიშნული პროექტი საბურთალოს გამგეობამ განახორციელა, რომლის ღირებულებაც 2 000 000 ლარს შეადგენს.
იპნ