კოვიდ კლინიკები პაციენტებით გადაიტვირთა

კოვიდ კლინიკები პაციენტებით გადაიტვირთაკოვიდ მიმღებ კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის განკუთვნილი საწოლები დატვირთულია.

აღნიშნულის მიზეზი, ბოლო 1 კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაა.

„ინტერპრესნიუსი“ თბილისში მოქმედ რამდენიმე კოვიდ კლინიკას დაუკავშირდა. როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განმარტავენ, კლინიკებში კოვიდ-პაციენტთათვის განკუთვნილი საწოლები არათუ დატვირთული, გადატვირთულია. კლინიკაში იმაზე მეტი კოვიდ-პაციენტია მოთავსებული, ვიდრე ეს საწოლ-ფონდით იყო გათვალისწინებული.

„პაციენტების უმეტესი საშუალო სიმძიმის არის, თუმცა გვყავს მძიმე პაციენტებიც“,- აღნიშნავს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე.

კოვიდ-პაციენტების რაოდენობის ზრდაზე საუბრობენ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, ექიმ-ინფექციონისტმა, მარინა ენდელაძიემ განუცხადა, კოვიდ-პაციენტების რაოდენობამ მოიმატა, თუმცა სამედიცინო დაწესებულებაში საწოლების რაოდენობა საკმარისია და პრობლემა არ გახდება.

რაც შეეხება აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას, რომელიც ამჟამად ჰიბრიდულ რეჟიმზეა, დაწესებულებაში აღნიშნავენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა „მსუბუქად არის მომატებული“.