მალხაზ მაჩალიკაშვილი – „გულის სიღრმეში მეტკინა კიდეც, გოგაშვილის ცოლს და შვილებს ასე რომ ექცეოდნენ”

მალხაზ მაჩალიკაშვილი - „გულის სიღრმეში მეტკინა კიდეც, გოგაშვილის ცოლს და შვილებს ასე რომ ექცეოდნენ"„გოგაშვილები მთელი 5 წელი მაშავებდნენ, იძახდნენ, მაჩალიკაშვილი ტერორისტი! მაჩალიკაშვილი ტერორისტი! მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში მეტკინა კიდეც, გოგაშვილის ცოლს და შვილებს ასე რომ ექცეოდნენ”, – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი ტვ პირველის ეთერში.

მანამდე კი, მას შემდეგ რაც სოსო გოგაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, მალხაზ მაჩალიკაშვილის პოზიცია სოციალურ ქსელში ზვიად კუპრავამ გაავრცელა. ის წერდა, რომ “მალხაზ მაჩალიკაშვილს მიაჩნია, რომ გოგაშვილმა მთავარი სასჯელი თემირლანის საქმეზე უნდა მოიხადოს”.

შეგახსენებთ, რომ სწორედ სოსო გოგაშვილის სახელს უკავშირდება 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია, როცა თემირლან მაჩალიკაშვილს, საკუთარ სახლში, სამართალდამცავის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა. ის 10 იანვარს კლინიკაში გარდაიცვალა.

სოსო გოგაშვილს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 ივლისს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი 16 ივლისს, მისივე სახლში ჩატარებული რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს და ე.წ. მოდულის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ბრალი კი ოფიციალურად 17 ივლისს წარუდგინეს. პროკურატურის ცნობით სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ბრალდებულია სსკ-ის სამი მუხლით – იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.