ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი კატეგორიულად უარყოფს სუსის უფროსის ყოფილ მოადგილესთან, სოსო გოგაშვილთან მისი და მისი ოჯახის ლიკვიდაციის შესახებ საუბრის ფაქტს.
ეპისკოპოსის თქმით, მსგავსი შინაარსის საუბარი მასსა და გოგაშვილს შორის არასდროს ყოფილა.
„შეხვედრები მქონდა ხოლმე, მაგრამ 4-5 თვეზე მეტხანს შეხვედრა კი არა სატელეფონო ურთიერთობაც არ მქონია. მეცინება უბრალოდ, ისეთ რამეზეა საუბარი. რას ჰქვია ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებოდა? ასეთ სისულელეზე არასოდეს მისაუბრია. უბრალოდ მძიმე სიტუაციაშია ოჯახი, ვერ ვხვდები რა ხდება, მაგრამ ჩემსა და მას შორის ოჯახის ლიკვიდაციაზე საუბარი არ ყოფილა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
„4-5 თვის წინ, მეუფე იაკობი იყო მოსული და მეუღლეს ეუბნებოდა, შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებაო“, – ამის შესახებ სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის, გოგაშვილის მეუღლემ განაცხადა.