“ნინო სახლში მიდიოდა, მაგრამ შვილებთან ვერ მიაღწია”

"ნინო სახლში მიდიოდა, მაგრამ შვილებთან ვერ მიაღწია"2 ივლისს ღამე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ქალი, 41 წლის ნინო ნანუაშვილია. ნანუაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის მკვიდრია.

„არსად მუშაობდა, დიასახლისი იყო. საუკეთესო ადამიანი, მეგობარი და დედა. ორ შვილს ზრდიდა. ვერ წარმოგვიდგენია მის გარეშე. თავზარი დაგვცა ამ ტრაგედიამ. ადამიანი სახლში მოდიოდა და შვილებთან ვეღარ მოაღწია. ისე უყვარდა სიცოცხლე, წარმოუდგენელია, რომ აღარ იქნება”,- ამბობენ სოფელ კაკაბეთში.

გარდაცვლილ ქალს, ორი არასრულწლოვანი, 17 წლის ვაჟი და 12 წლის გოგონა დარჩა. ავტოსაგზაო შემთხვევა, გვიან ღამით, სოფელ მანავში მოხდა.

სატვირთო ავტომანქანა მინივენს შეეჯახა, რომელშიც რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა. ადგილზე გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მე-6-ე ნაწილით დაიწყო.
პრაიმტაიმი