ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კახა ოქრიაშვილი, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც “ქართულ ოცნებას” ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობაში ადანაშაულებს, ხოლო პატარა პარტიებს, “გირჩსა” და “მოქალაქეებს” ხელისუფლების თანამონაწილეებად მოიაზრებს.
პოლიტიკოსი ასევე ქვეყანაში დეპოლარიზაციის და დეოლიგარქიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს, რომელიც, მისივე შეფასებით, ივანიშვილის პირობებში შეუძლებელია.
ივანიშვილის „ოცნებამ“ (კობახიძე-პაპუაშვილმა) დღეს შემოგვთავაზეს ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობის ახალი ეტაპი – ჯერ დეპოლარიზაცია და მერე საარჩევნო ბარიერის დაწევა. გასაგებ ენაზე რომ გადმოვთარგმნოთ, ეს ნიშნავს: პატარა პარტიებო, თუ გინდათ, რომ 5 %-იანი საარჩევნო ბარიერი დავწიოთ 1, ან 2 %-მდე, მოგახვედროთ პარლამენტში და ერთად გავაგრძელოთ ივანიშვილის მსახურება, როგორც ახლა, მორიგ ჯერზე გაყიდეთ სახელმწიფო ინტერესები და შემოდით ჩვენს მიერ დაანონსებულ კომისიებში. დიდი ხანია, „ოცნება“ ალეკო ელისაშვილის პარტიას და „გირჩს“ ოპოზიციად ასაღებს. თუმცა ეს პარტიები ივანიშვილის „ოცნების“ ისეთივე ნაწილი არიან, როგორც ახლახანს დაფუძნებული „ყაველაშვილის ტრიო“.
პოლიტიკური მოცემულობა 2022 წლის 20 ივნისის შემდეგ სრულად შეიცვალა და რაც იყო 2012 წლიდან, აღარასდროს დაბრუნდება. ივანიშვილის „ოცნება“ აღარ კარნახობს ქართველ ხალხს – 20 ივნისის შემდეგ ქართველი ხალხი კარნახობს თავის ნებას ყველა პოლიტიკოსს. ხალხმა აღიდგინა ის, რაც დაკარგული ჰქონდა – ქართველმა დაიბრუნა ძალაუფლება და თქვენი ვაჭრობა აღარაფერს ნიშნავს.
ზუსტად იმიტომ ხართ „ღალატის პარტია“, რომ სახელმწიფო ინტერესებით ვაჭრობთ რუსეთთან, პატარა პარტიებთან და ყველასთან. კორუფციის მორევში ჩაფლულები ქურდავთ და აყაჩაღებთ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. ზუსტად იმიტომ ხართ „ღალატის პარტია“, რომ თქვენი პარტიის სახეები მხოლოდ ოპონენტებს კი არა, საზოგადოებას და მთელ ქართველ ხალხს დედის გინებით მიმართავენ.
ერთი სიტყვით, დიახ, გვჭირდება დეპოლარიზაცია. ხოლო დეოლიგარქიზაცია და რადგან ერთი ოლიგარქი გვყავს, მონარქის განდევნა პოლიტიკური ველიდან კი, ავტომატურად, ნიშნავს დეპოლარიზაციის პროცესის დასაწყისს.
არ იქნება ოლიგარქი, იქნება დეპოლარიზაცია!
არ იქნება ოლიგარქი? იქნება მშვიდობა! , – წერს ოქრიაშვილი.
არ იქნება ოლიგარქი? იქნება ევროპა!