„შვილის დაღუპვის შემდეგ, მისი ყოველი დღე ტანჯვა იყო“ – გურჯაანის და ყვარლის მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე გარდაიცვალა

„შვილის დაღუპვის შემდეგ, მისი ყოველი დღე ტანჯვა იყო“ - გურჯაანის და ყვარლის მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე გარდაიცვალაგურჯაანის რაიონული სასამართლოსა და ყვარლის მაგისტრი მოსამართლე, ნუნუ ნემსიწვერიძე გარდაიცვალა.

მაგისტრი მოსამართლე ბოლო წლინახევრის მანძილზე მძიმე სენს ებრძოდა. მას ნათესავები უვლიდნენ.

ნუნუ ნემსიწვერიძის კოლეგები ამბობენ, რომ მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ერთადერთი შვილის გარდაცვალებამ გააუარესა.

„ცოტნე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა და ამის შემდეგ, ნუნუს ცხოვრების ყოველი დღე ტანჯვა იყო. საოცრად კარგი ბიჭი იყო და მასზე დარდში ათენ-აღამებდა საწყალი ქალი. დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, მეტყველების შეფერხება დაეწყო და ექიმს მიაკითხა. მაშინ დაუსვეს ეს საშინელი დიაგნოზი. არაჩვეულებრივად კარგი დედა, ადვოკატი, მოსამართლე, ძალიან მიმძიმს მასზე საუბარი და ასე ტრაგიკულად დასრულებული მისი სიცოცხლე, უკიდურესად მტკენს გულს“,- ამბობს ადვოკატი, ლალი ჩაველაშვილი.

ნუნუ ნემსიწვერიძის ერთადერთი შვილი, 21 წლის ცოტნე ხარატიშვილი 2020 წლის 3 ივნისს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოსთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

მოსამართლეს ოფიციალური ვერსიის არ სჯეროდა და თვლიდა, რომ მისი შვილი, ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ავარიის ინსცენირება მოაწყვეს. შვილმკვდარი დედა, რამდენიმე პირის დასჯას და საქმის მკვლელობად გადაკვალიფიცირებას ითხოვდა.

პრაიმ ტაიმი