18 წლამდე გოგონებს სუროგაციისთვის ზოგჯერ იძულებით იყენებდნენ – კვალი სტამბოლიდან საქართველომდე მოდის

 18 წლამდე გოგონებს სუროგაციისთვის ზოგჯერ იძულებით იყენებდნენ - კვალი სტამბოლიდან საქართველომდე მოდისსკანდალი, რომლის კვალი სტამბოლიდან საქართველოში მიდის – ამ სახელწოდებით სტატიები თურქულ მედიაში გამოჩნდა. წამყვანი გამოცემები წერენ, რომ 18 წლამდე ასაკის გოგონებს, რიგ შემთხვევაში იძულებით, რიგ შემთხვევაში კი მატერიალური დაინტერესების სანაცვლოდ არალეგალურ საქმიანობაში ჩართვაზე ითანხმებდნენ.

საუბარია სუროგაციის გზით არასრულწლოვნების განაყოფიერებაზე, რასაც წინ უძღვის მათი სპეციალური მომზადება – პრეპარატების მიღება და კვერცხუჯრედების ხელოვნური მომწიფება.

ირკვევა, რომ მოზარდი გოგონები ინვიტრო განაყოფიერების მიზნით საქართველოსა და კვიპროსში გადაჰყავდათ. კვალის წაშლის მიზნით კი მათ ყალბ დოკუმენტებს უმზადებდნენ, რათა დაფარულიყო გოგონების რეალური ასაკი. ფაქტი თურქული ტელეკომპანიების ეთერშიც მოხვდა.

ინტერნაციონალური დანაშაულებრივი ქსელის გამოვლენის მიზნით სტამბოლის პროკურატურამ გამოძიება თურქეთის ჯანდაცვის დეპარტამენტში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო.

საქმის დეტალები არ საჯაროვდება, თუმცა თურქული მედიის ინფორმაციით, საუბარია სავარაუდო ტრეფიკინგსა და ჩვილებით ვაჭრობის ორგანიზებულ სქემაზე. თურქეთის ჯანდაცვის უწყების ანგარიში უკვე მოხვდა ადგილობრივი პრესის ფურცელებზეც.

პირველ ეტაპზე საქმის მოკვლევა თავად ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო, თუმცა როგორც თურქული მედია წერს, კარგად ორგანიზებული სქემა სავარაუდოდ საერთაშორისო მასშტაბისაა, რის გამოც საქმეში სტამბოლის პროკურატურა ჩაერთო. თურქულ მხარეს სამართლებრივი დახმარების მიზნით საქართველოსთვის ჯერჯერობით არ მოუმართავს.