20 წლის მირიან კუკავას მკვლელობა – 5 ბრალდებული გირაოთი გათავისუფლეს, 3 პატიმრობაში დატოვეს

20 წლის მირიან კუკავას მკვლელობა - 5 ბრალდებული გირაოთი გათავისუფლეს, 3 პატიმრობაში დატოვესცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილებას გადახედა. სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა, მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის პოზიცია პატიმრობაში დაეტოვებინათ მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯიჯეიშვილი და ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებულები – კუჭავა და ხორავა.

პროკურორის განცხადებით, ეს ორი ბრალდებული გამოძიებასთან არ თანამშრომლობდა.

რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ კიდევ 5 პირს, რომელსაც გამოძიება ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და მძიმე დანაშულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, მოსამართლემ ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქმის პროკურორის განცხადებით, ის ამ ნაწილში მოსამართლის გადაწყვეტილებას ეთანხმება, რადგან დაკავებული 5 პირი გამოძიებასთან თანამშრომლობდა.

ცხვარიჭამიაში მკვლელობა 27 ივლისს მოხდა. 20 წლის მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

თავდაპირველად საქმეზე პოლიციამ 8 პირი დააკავა. მათგან ერთს განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, ის ბრალს აღიარებს.