უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ე.წ რეფერენდუმებს ყალბს უწოდებენ და აცხადებენ, რომ შედეგები წინასწარ არის განსაზღვრული. ოფიციალური კიევის თქმით, მოსკოვის მიერ ჩატარებული ეს ფარსი უკრაინას საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებაში ხელს ვერ შეუშლის.
რუსეთში კი ვითარება კვლავ არაპროგნოზირებადია. მოსახლეობის დიდი ნაწილი ქვეყნიდან გარბის, რისი მიზეზიც კრემლის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია გახდა.
ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ რუსებს, რომლებიც მობილიზაციას გაურბიან, შეუძლიათ თავშესაფარი აშშ-ს სთხოვონ.
“ჩვენ მკაფიოდ განვასხვავებთ ერთის მხრივ რუსეთის მთავრობასა და მისი შეიარაღებული ძალების ქმედებებს უკრაინაში და მეორეს მხრივ რუს ხალხს, რომელთაგან ბევრმა ამ უსამართლო ომის წინააღმდეგ, ხმა აიმაღლა. ჩვენ ამას ვხედავთ ბოლო 2დღის განმავლობაში და ასევე ვხედავთ, რომ რუსეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. ამიტომ, ყველას, ვინც თავშესაფარს ეძებს დევნისთვის, განურჩევლად მათი ეროვნებისა, შეუძლია მიმართოს აშშ-ს”- თქვა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის მედიაში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული რეფერენდუმების შედეგები გამოაქვეყნეს, რომელთა მიხედვით, რუსეთთან შეერთებას მოსახლეობის თითქმის 100%-მა მისცა ხმა.