ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, მორიგი ვიდეოჩანაწერი აჩვენა. დოროყაშვილის თქმით, ჩანაწერი 2018 წელს, აშშ-ში ყოფნისას არის გაკეთებული. მისივე თქმით, სასტუმროს ნომერში ბასილაშვილმა მას ჩანთა ჩაარტყა, რომელშიც ჩოგნები იდო.
ვიდეოჩანაწერის ახსნისას, დოროყაშვილი განმარტავს, რომ ძალადობა დიდხანს გრძელდება და ჩანთის ჩარტყმის შემდეგ, ბასილაშვილმა მას ხელიც დაარტყა
„გარდა იმისა, რომ ჩემოდანს მირტყამს, შემდეგ ხელს აყოლებს და ტანითაც მეცემა ზემოდან. იყო შეკითხვა, რატომ გამეთიშა ტელეფონი, ამხელა ჩოგნის ჩანთის ჩარტყმის შემდეგ და ამხელა ადამიანი რომ დაგეცემა ინსტინქტია, რომ ხელს იფარებ. როდესაც თვითონ ამ ჩანთის აღება უჭირს, თან მეუბნება “შე ნაბიჭვაროო”, შემდეგ მირტყამს და სხეულით მეცემა“, – ამბობს ნეკა დოროყაშვილი.
ვიდეოჩანაწერში ისმის მისი ხმაც – „გამაგებინე, რატომ, რის გამო მირტყამ. გაეთრიე თუ არ გინდა, მომშორდი საერთოდ, რაში მჭირდები. გული გამისკდა ნერვიულობით, საერთოდ რა ღირსი ხარ ცრემლებს ვღვრიდე“, – მიმართავს დოროყაშვილი ბასილაშვილს.
მისივე თქმით, ფიზიკურის შემდეგ, ბასილაშვილი ფსიქოლოგიურ ძალადობაზე გადადიოდა. დოროყაშვილის აზრით, ბასილაშვილი ასე იმ მიზნით იქცეოდა, რომ მას თავი მოეკლა
„ძალადობების შემდეგ ნიკოლოზი შედიოდა საპირფარეშოში და რთავდა მაღალ ხმაზე მუსიკას, განსაკუთრებით მაშინ თუ შემამჩნევდა, რომ ვტიროდი და ვიყავი ძალიან ცუდად. მაჩვენებდა, რომ მას კი არ ვეცოდებოდი, არამედ ფიზიკური ძალადობის შემდეგ გადადიოდა ფსიქიკურ ძალადობაზეც, ბოლო პერიოდში მქონდა განცდა, ამას ხომ არ აკეთებდა იმიტომ, რომ ჩემით მომეკლა თავი.” თქვა მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე.