ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე, რომელიც წარსულში ამბობდა, რომ ოკუპანტი საქართველოსთვის მხოლოდ რუსეთი არაა, ამჯერად მრევლს უკრაინის ჯარის წარმატებებს ულოცავს. ქადაგებაზე მან თქვა, რომ რუსეთი უსამართლოდ მოიქცა და ისე ვერ გაიმარჯვებს.
მისივე თქმით, ტყუილია, რომ საქართველოს ეკლესია რუსეთის მომხრეა.
„მოგილოცოთ მინდა უკრაინის გამარჯვებები იმიტომ, რომ რეალურად დღეს უკვე როგორც ჩვენ ვხედავთ უკრაინაში მიმდინარეობს სერიოზული წინსვლა და უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლება.
მე დიდი ხანია ამის შესახებ ვთქვი, თავიდანვე, როდესაც ეს უგუნური შეტევა დაიწყო უკრაინაზე, მე ვთქვი, რომ ეს არის ძალიან დიდი სისულელე, რაც ჩაიდინა რუსეთმა, რუსეთის ხელისუფლებამ და ეს არ დარჩება ასე უბრალოდ და შეუძლებელია ამას პასუხი არ გაეცეს და საბოლოო ჯამში, რომ ვერ გაიმარჯვებს რუსეთი, იმიტომ, რომ უსამართლოდ და არასწორად (მოიქცა), როგორც ჩვენს მიმართ, ისე უკრაინის მიმართ.
ასე უნდათ მონათლონ, რომ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ კაცი კაცზე არ უნდა გათხოვდეს, ამიტომ ჩვენ რუსეთის მომხრეები ვართ, ტყუილია, არ ვართ ჩვენ რუსეთის მომხრეები, რუსეთიდანაც იგივე პრობლემები შეიძლება იყოს და ხდება იქაც იგივე ამბავი, თუმცა ახლა როცა უჭირთ ხოლმე, გამოიყენებენ ათას რაღაცას”, – თქვა მან.
მეუფე სტეფანემ ღმერთს სთხოვა, რომ მალე დასრულდეს ომი უკრაინელების იმ საზღვრებში დაბრუნებით, რაც მათ ჰქონდათ.