მკვლელობა კიკეთში – მოკლული პირის ვინაობა ცნობილია, ბრალდებული დაკავებულია, მისი მანქანა ვაკის პარკთან იპოვეს

მკვლელობა კიკეთში - მოკლული პირის ვინაობა ცნობილია, ბრალდებული დაკავებულია, მისი მანქანა ვაკის პარკთან იპოვესკიკეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლულია გია გათენაშვილი, რომლის სახლშიც იყო სროლა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ვალის დაბრუნების მოთხოვნას მოჰყვა. როგორც ირკვევა, გათენაშვილთან მევალე მივიდა და ფულის დაბრუნება მოითხოვა, რასაც სროლა მოჰყვა.

დაჭრილია 4 ადამიანი. სავარაუდო დამნაშავე კი პოლიციამ ცხელ კვალზე, სოფელ კიკეთშივე დააკავა. არსებული ინფორმაციით, ის გელა ნიორაძეა.

ამ დროისათვის კიკეთში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პოლიციის უფროსის ინფორმაციით, ორმხრივ სროლას ადგილი არ ჰქონია.

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულის ავტომანქანა, რომელსაც ნატყვიარები ეტყობა, ვაკის პარკთანაა ნაპოვნი. კითხვაზე, რატომაა მანქანა დაცხრილული, პოლიციის უფროსი ჟურნალისტებს პასუხობს, რომ ბრალდებულმა ის “თავად დაცხრილა”.

მისივე თქმით, დაკავებულმა მანქანიდან ისროლა. სავარაუდოდ, მასთან ერთად იმყოფებოდა ერთი ქალი, რომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

შსს მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე  და 236- ე მუხლებით იძიებს, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.