ქართული პოლიციის მაღალჩინოსანი ამერიკას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს

ქართული პოლიციის მაღალჩინოსანი ამერიკას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვსთბილისის პოლიციის მე-7 განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია. ,,პირველების” ინფორმაციით,  შსს-ს  მაღალჩინოსანი, ლევან აბუაშვილი, მექსიკის საზღვრის უკანონო კვეთით ამერიკაში გაიქცა.

თბილისის პოლიციის მაღალჩინოსნის მამა ამბობს, რომ მისმა შვილმა სამსახური მოულოდნელად დატოვა. ლევან აბუაშვილი სახლში მივიდა, მხოლოდ მშობელს უთხრა, რომ სისტემისგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა და ქვეყანა უნდა დაეტოვებინა.

თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში, სადაც აბუაშვილი მუშაობდა, დაძაბული პოლიტიკური მოვლენების დროს დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები და აქციის მონაწილეები მოჰყავთ-ხოლმე. აღნიშნულ  განყოფილებაში ჰკითხავენ იმ ახალგაზრდებს, ვისი აქციებზე ყოფნაც ხელისუფლებას მყუდროებას ურღვევს, ამიტომ აბუაშვილს, რომელიც აშშ-ში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს, მოსაყოლი ბევრი ექნება.

ლევან აბუშვილი ახლა ამერიკაში მძღოლად მუშაობს. პარალელურად, ადვოკატის დახმარებით ცდილობს, სასამართლოს დაუმტკიცოს, რომ ქართულ პოლიციაში პოლიტიკური დაკვეთების შესრულება უწევდა, ვერ აიტანა და ამიტომ თავშესაფარი უნდა მისცენ. გომელაურის უწყებიდან გაქცეულ პოლიციელს სურს,  როგორმე, მეუღლე და შვილიც ამერიკაში წაიყვანოს, თუმცა მათ ვიზა არ აქვთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან წასულების რიგებს მთელი ოჯახით შეუერთდა ბაღდათის პოლიციის მაღალჩინოსანიც. გოგა კბილაშვილმა მთელი ცხოვრება ძალოვან უწყებაში გაატარა, თუმცა მოულოდნელად, მანაც, სისტემიდან წასვლა გადაწყვიტა. კბილაშვილი არ ავრცელებს ინფორმაციას, ამერიკაში ლეგალურად ჩავიდა, თუ მექსიკის საზღვრის უკანონო კვეთით.

კბილაშვილის მეუღლეც „ქართული ოცნების“ ძირძველი ქომაგია. ის წლების განმავლობაში, ბაღდათის მერიაში იყო დასაქმებული, აქტიურად ეხმარებოდა ივანიშვილის პარტიას ყველა არჩევნების მოგებაში. თუმცა, ბოლოს, „ოცნების“ რეგიონული კოორდინატორმა ქვეყანა მაინც დატოვა.

საქართველოდან უცხოეთში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა დიდი გადინების ტენდენცია შეიმჩნევა. ერთმანეთის მიყოლებით წერენ პატაკებს და ქვეყნიდან გარბიან არა მხოლოდ რიგითი სამართალდამცველები, არამედ მაღალი თანამდებობისა და გავლენის მქონე პირები. რაც იმაზე მეტყველებს, რომ სისტემას პოლიციელები არა მხოლოდ ფინანსური პრობლემების გამო ტოვებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან კადრების გადინების უწყვეტი პროცესი დაიწყო, ამერიკაში წასული პოლიციის მაღალჩინოსნებს სხვები მიჰყავთ და ასე იცლება სისტემა.

ადვოკატები, ვინც საქართველოს მოქალაქეებს მომსახურებას უწევენ, ამბობენ, რომ პოლიტიკური თავშესაფარი ამდენ ძალოვანს არასდროს მოუთხოვია.