უფლებადამცველი, ბაია პატარაია დმანისში მომხდარ ფაქტს – მამა შვილს ქორწინებას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოკვლით ემუქრებოდა, ეხმაურება.
20 წლის გოგოს მდომარეობა სტაბილურია, თუმცა ჯერ ისევ რჩება კლინიაკში.
პატარაია ამბობს, რომ ქვეყანაში არ არსებობს კანონი, რომელიც მსგავს შემთხვევებს მოაგვარებს. გარდა ამისა, უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში პრობლემებია მენტალიტეტის კუთხითაც.
“ე.წ. დანიშვნის ტრადიცია, როცა ხდება არასრულწლოვანი გოგოების დანიშვნის ტრადიცია, ძალიან მავნე ტრადიციაა, რადგან ასეთ ასაკში ადამიანს არ შეუძლია ისეთი სერიოზული გადაწყვეტილების მიღება, როგორიც დაოჯახებაა.
არ არსებობს კანონი, რომლითაც რომ უნდოდეს მართლმსაჯულებას ამ ადამიანების დასჯა, დასჯიდა. არის ამის გაკეთება, შესაძლებელია, მაგრამ მე მგონია, რომ მენტალიტეტია პრობლემა, მენტალიტეტია შესაცვლელი”, – ამბობს ბაია პატარაია.
ცნობილია, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს. საპირისპიროს ამტკიცებენ იმ ბიჭის ოჯახის წევრები, რომელზე ქორწინებასაც მამა შვილს აიძულებდა. ბიჭის დედა ამტკიცებს, რომ წყვილი ორი წელია დანიშნული იყო.
“ჩემი შვილი და ეგ გოგო ორი წელია დანიშნულები არიან, ერთად დადიოდნენ ყველგან 12 სექტემბერს ქორწილი უნდა ჰქონოდათ, თუმცა ეს ყველაფერი ასე უცნაურად მოხდა. იმ დღეს გოგოსთან ერთად მარნეულში ვიყავი, საპატარძლო კაბა შევარჩიეთ, რაც მოეწონა ის ვიყიდე, თუ ჩემ შვილზე გათხოვება არ უნდოდა და არ უყვარდა, ვინ აიძულებდა მასთან ერთად ყოფნას. გოგოს მამა ძალიან კარგი ადამიანია, ხელიც არ აუწევია ამდენი წლის განმავლობაში ახლა გოგო საავადმყოფოშია და ჩემი ვაჟი მას ყოველ დღე ელაპარაკება ტელეფონით”, – თქვა მან.
ცნობისთვის, ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტზე ერთ პირი პოლიციამ გუშინ დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული ჩხუბით და მუქარით, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან თვლიდა, რომ ქალიშვილი უნდა დამორჩილებოდა მამის, როგორც მამაკაცის გადაწყვეტილებას, აიძულებდა ცოლად გაჰყოლოდა მისთვის არასასურველ პირს, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა მოკვლით, რის გამოც დაზარალებულმა 8 სექტემბერს თვითმკვლელობა სცადა.