მარი 20 წლისაა.
4 თვის ფეხმძიმეა.
ღარიბია და ბათუმის ნაგავსაყარზე ცხოვრობს.
გზა ქოხამდე, სადაც მარი ცხოვრობს, ძაღლების ჯგროსთან ერთად უნდა გაიარო. ბათუმის ნაგავსაყარზე ადამიანები და ძაღლები ერთად თანაცხოვრობენ.
მარი ნაგავსაყარზე წელიწად-ნახევრის წინ აღმოჩნდა. ბავშვობა სოფელში გაატარა. სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა, როცა შეუყვარდა. ექვს თვეში იქორწინეს. მარი იხსენებს იმ დილას, როცა ახალდაქორწინებულმა თვალი ნაგავსაყარზე გაახილა.
„დაახლოებით ვიცოდი, რომ აქ სოფლის სტილში ცხოვრობდნენ, რომ ყველაფრისგან მოშორებით იყო აქაურობა. ყველაფერი სხვანაირად წარმომედგინა.
როცა მანქანიდან გადმოვედი არ მოველოდი ასეთ სიტუაციას. საღამო იყო, არაფერი ჩანდა თითქმის. მეორე დილას როცა ავდექი და თვალები გავახილე, ისეთი წარმოუდგენელი იყო აქაურობა, ისეთი წარმოუდგენელი…
ვერაფრით ვერ ვეგუებოდი თავიდან. განსაკუთრებით პირველი ერთი კვირა. ახალნაწვიმარი იყო. მზე რომ გამოვიდა, საშინელი, სასტიკი სუნი დადგა. ყველაფერს თავს ვარიდებდი. ყველას. ვერავის ვერ ვეგუებოდი. ძალიან უჩვეულო იყო აქაურობა. განსხვავდებოდა ყველაფრისგან. იმ გარემოსგან განსხვავდებოდა, სადაც მიცხოვრია, ვყოფილვარ, გამივლია. დაქორწინებამდე ბათუმში ძალიან ხშირად დავდიოდი, მაგრამ ასეთი პირობები თუ იყო აქ და ასეთ პირობებში ცხოვრობდა ხალხი, ვერ წარმომედგინა. მაგრამ ხომ ხედავთ როგორც არის სახლები…სახლს ვერც უწოდებ, უფრო „ბუტკებში“ ცხოვრობს ყველა“.
მარის მეუღლე ბათუმის ნაგავსაყარზე 6 წლის წინ მივიდა, ნარჩენების შეგროვება დაიწყო და იქვე დასახლდა. სიღარიბე, უსახლკარობა და უმუშევრობა იყო ის, რამაც ეს გადაწყვეტილება მიაღებინა.
ცოლიც ნაგავსაყარზე მოიყვანა.
თავისი ცხოვრების პირობებზე საუბარი არ სურს. მარი ინტერვიუზე იმ პირობით გვთანხმდება, თუკი მის ფოტოს, სადაც სახე უჩანს, არ გამოვაქვეყნებთ.
„სახის გამოჩენა არ მინდა, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი მიცნობს. არ მგონია ბევრმა იცოდეს ასეთ პირობებში რომ ვცხოვრობ. შეიძლება ისედაც მიცნოს ვინმემ, მაგრამ ყველამ ხომ არ უნდა იცოდეს, სად ვცხოვრობ და რა პირობებში,“ – გვიხსნის მარი მიზეზს, რატომ სურს მისი ისტორიის გაზიარება სახის გამოჩენის გარეშე.
ხედი მარის ფანჯრიდან
მარი დაქორწინებამდე გურიის ერთ-ერთ სოფელში მშობლებთან და 3 და-ძმასთან ერთად ცხოვრობდა. ოჯახი სოციალურად დაუცველია. ისინი დღემდე იღებენ სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას, საიდანაც მარის მის წილს, 30 ლარს ყოველთვიურად აძლევენ. ეს მარის ერთადერთი პირადი შემოსავალია. არ მუშაობს. ქმარი ნაგავსაყარზე ჯართს, მინასა და პლასტმასს აგროვებს, ყიდის და ამით ირჩენენ თავს.
წელიწადზე მეტი იკავებდა თავს დაორსულებისგან. არ უნდოდა შვილი ასეთ პირობებში გაეჩინა. თუმცა როცა 2 თვის წინ ორსულობის შესახებ შეიტყო, გადაწყვეტილების მიღებაზე ბევრი არ უფიქრია.
„პირველი შვილი რომ იყო, არ მინდოდა რამე მევნო მისთვის. არ ველოდი ორსულობას, როცა გავიგე უკვე ორი თვის ვიყავი და ვერაფერს ვერ შევცვლიდი.
ძალიან გამიხარდა, ძალიან მინდოდა ბავშვი. მაგრამ ჩემი პირობების გამო სიხარულთან ერთად იყო რაღაცნაირი წყენაც – რომ გაჩნდება, როგორ უნდა გავზარდოთ? აქ, ამ პირობებში, როგორ უნდა ვაცხოვროთ? დანარჩენ ბავშვებზე აღარც ვფიქრობ ასე თუ გაგრძელდა ჩემი ცხოვრება,“ – ამბობს მარი.
ბათუმის ნაგავსაყარი ბათუმის ახალ ბულვარში მდებარე ბოლო საცხოვრებელი კორპუსიდან 1,8კმ-ითაა დაშორებული. ნაგავსაყარი ღიაა და იქ ყოველდღიურად ათობით მანქანა ნაგავი შეაქვთ ბათუმიდან და მიმდებარე დასახლებებიდან. ნაგავსაყარზე დღეისათვის დაახლოებით 20 მოსახლე ცხოვრობს. ადამიანებს აქ შეჭედილი აქვთ პატარა ქოხები, სადაც ღამეს ათევენ. ყველა მათგანი ნაგავსაყარზე მუშაობს. ნივთებს და საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, რომელსაც ბათუმელები ყოველდღიურად ნაგვის ურნებში ისვრიან, ეს ადამიანები თავიდან ახარისხებენ.
ყველა ნივთი, რომელიც მარის სახლში აქვს, ნაგავსაყარიდანაა. ტაფა, რომელზეც პურს აცხობს, ტოლჩა, რომლიდანაც წყალს სვამს, დივანი, რომელზეც ზის – ყველაფერი ნაგავსაყარზე აქვს მის ქმარს ნაპოვნი.
რამდენადაც ახლოსაა ბათუმთან ნაგავსაყარი, იმდენად შორია მარისთვის აუცილებელი სავაჭრო ობიექტები – აფთიაქი ან მაღაზია.
„ყველაფერი სირთულეა აქ ცხოვრებაში. სასტიკი სუნია. წყალსაც სასტიკი სუნი აქვს. თუ დენი არ არის, არც წყალი არაა. ვერც სარეცხ მანქანას ამუშავებ. ტელევიზორსაც ძლივს ამუშავებს დენი. არანაირ ემოციას არ აღძრავს ეს ადგილი. შეუგუებელი ადგილია. რასაც უყურებთ, ყველაფერი ნაგავსაყართანაა კავშირში. მეზობლები გაივლიან და ნაგავსაყარიდან მოაქვთ ყველაფერი. ნივთები, რომელიც აქაა, ყველაფერი ნაგავსაყარზეა შეგროვებული,“ – ამბობს მარი.
„რა აიძულებს ადამიანს ამ ყველაფერს გაუძლოს“, – ვკითხეთ მას.
„მე ალბათ ის, რომ ტკბილად ვცხოვრობთ. ერთმანეთი ძაან მაგრად გვიყვარს. დანარჩენებს ის, რომ არ აქვთ სხვაგან წასასვლელი. არ აქვთ იმის საშუალება, ადგნენ და სხვაგან იცხოვრონ. სხვამ რამ უნდა გაიძულოს აქ ყოფნა, თუ არა უქონლობამ. მეტი ვერაფერი გაიძულებს აქ ყოფნას. ძალიან დიდი სურვილი მაქვს აქედან წავიდეთ, ისე, რომ აღარ დავბრუნდეთ უკან.
ბავშვი დაიბადება. ახლა იმ ბავშვს თავისი აღზრდა უნდა, ყურადღება სჭირდება. ძალიან ბევრი რამ სჭირდება პატარას. მაგრამ კარგზე ვერ იფიქრებ, როდესაც აქ ცხოვრობ. ცოტა გიჭირს ამ ყველაფრის ერთმანეთთან შეთავსება.
ახლა ყველაზე მეტად საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა მჭირდება. სხვა რამეს აზრი აქვს, რადგან აქ გქონია თუ არ გქონია, სულერთია.
ბავშვი რომ გაჩნდება… ასეთი სიტუაცია გვაქვს, ვერსად ვერ გადავალთ. ვერც ნაქირავებში წავალთ. სხვასთან რამდენ ხანს დავრჩები?
კი, შეიძლება ის 40 დღე ავდგე და ჩემებთან წავიდე, ან ჩემი ქმრის მხარეს, მაგრამ დანარჩენი პერიოდი იმ ბავშვს ხომ სჭირდება თავისი ადგილი და სხვასთან რამდენ ხანს უნდა ვიყოთ? ვერ ვიქნებით ვერანაირად. ამიტომ მოგვიწევს აქ გვყავდეს ისევ.
და პირველი ბავშვი იქნება, რომელიც ნაგავსაყარზე გაიზრდება,“ – გვიყვება მარი და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდის.
რადგან მარი ორსულადაა, რეგულარული კონსულტაციები და ექიმის მეთვალყურეობა სჭირდება. თუმცა ჯერ მხოლოდ ერთი კონსულტაცია გაიარა, რადგან უფასო იყო.
მარი ისევ გურიაშია რეგისტრირებული, აღრიცხვაზე კი ბათუმში ჩაეწერა. ამბობს, რომ ამის გამო ვერანაირი შეღავათით ვერ სარგებლობს და ახლა ანალიზებისა და ექოსკოპიისთვის 170 ლარი უნდა მოაგროვოს.
უნდოდა ბათუმში დარეგისტრირება, თუმცა არც მას და არც მის მეუღლეს აქ ახლობელი არ ჰყავთ. მათი ბათუმელი ნაცნობებიც ნაგავსაყარზე ცხოვრობენ და უსახლკაროები არიან.
„ჯერჯერობით ვერ ვხედავ ვინმეს სიღარიბიდან თავი დაეღწიოს ამ ქვეყანაში,“ – ამბობს მარი საკუთარი მდგომარეობის აღწერისას.
მალე ბათუმის ნაგავსაყარი უნდა დაიხუროს. მარი ფიქრობს, რომ ეს ფაქტი შეიძლება მისი ცხოვრებისთვის გარდამტეხი აღმოჩნდეს.
„როცა დაიხურება, ერთის მხრივ გამიხარდება ის, რომ აქედან წავალ, მეორეს მხრივ მწყინს – აქედან რომ წავალთ, სად ვიცხოვრებთ, როგორ მოვიქცევით, რას გავაკეთებთ.
ფინანსები გჭირდება, სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან რაღაცა გჭირდება რომ იცხოვრო. აქაურობას თუ აიღებენ და გადაიტანენ, ძალიან ბევრი დარჩება გარეთ, ისე, რომ ყურადღების მიმქცევი არავინ ეყოლება“.
თუ არის რამე, რაც გენატრება – ვკითხეთ მას.
„თითქმის არაფერი. მენატრება უფრო ნორმალური ცხოვრება. სად ორსული რომ ადგები, სარეცხს ხელით გარეცხავ და სად ის, რომ სარეცხი მანქანა გარეცხავს. სად ის რომ ნორმალურ პირობებში ცხოვრობ და ის რომ აქ გიწევს ცხოვრება. სად ის, ნორმალურ გარემოში რომ იქნები და სად რომ გაივლი და ნაგავსაყრელს შეხედავ“.
შენიშვნა:
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ არაერთმა ადამიანმა გამოთქვა მარის დახმარების სურვილი. „ბათუმელები“ რესპონდენტის თანხმობით აქვეყნებს მარის პირადი საბანკო ანგარიშის ნომერს:
ანგარიშის ნომერი: GE39BG0000000528166369
მიმღები: მარიკა ხ……..ძე
ბათუმელები