იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი”, რომელიც ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს შვეიცარიულ ბანკთან დავაში, სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ პრესრელიზს ავრცელებს.
ორგანიზაცია ამბობს, რომ დავის არსებითი განხილვა სინგაპურის საერთაშორისო კომერციულ სასამართლოში მიმდინარეობდა 5-23 სექტემბრის პერიოდში და ზეპირი მოსმენების ფარგლებში, მოხდა მოსარჩელის, ივანიშვილის გამოკითხვაც. ორგანიზაცია ამბობს, სასამართლოს მიმდინარეობა ფართოდ შუქდებოდა საერთაშორისო პრესით, თუმცა არა საქართველოში.
ორგანიზაცია პრესრეილზში ქართულ და შვეიცარიულ მედიას აკრიტიკებს.
„საყურადღებოა, რომ თემა არ გაშუქდა ბატონი ივანიშვილისადმი ჩასაფრებულ პოზიციაში მყოფი მედიის მიერ საქართველოში, რის მიზეზიც, ვფიქრობთ, ცხადია, თუკი გავეცნობით ამავე საკითხზე საერთაშორისო მედიის გამოხმაურებას, რომელიც ცალსახად პოზიტიური იყო მოსარჩელე მხარისთვის, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის („კრედიტ სუისს“-ის სინგაპურული სატრასტო კომპანია, რომელიც ერთ-ერთია იმ ორი ტრასტიდან, რომელიც ემსახურებოდა კლიენტს) პოზიციებს საკმაოდ მძიმე შეფასებები მოჰყვა: პროცესზე დადასტურდა, რომ „კრედიტ სუისს“-მა ნამდვილად ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედებები (საუბარია ხელმოწერების გაყალბებაზე, თანხის არაავტორიზებულ გადარიცხვებზე და ა.შ.), რომლებზეც ყოფილ კლიენტს გააჩნია პრეტენზიები”
ივანიშვილის მხარე ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც 2023 წლამდე არ იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა პოზიტიური მოლოდინი აქვთ – „კრიტიკული მედიის მხრიდან ამ საკითხზე დუმილი, ვფიქრობთ, სწორედ ამგვარ რეალობას – ბატონი ივანიშვილის მიერ წარმატებულად წარმართულ პროცესს მიეწერება”.
“ვფიქრობთ, უფრო სიმპტომატურია ის, რომ „კრედიტ სუისს“-ის ჯგუფის იურიდიული სამსახურის უფროსი, რომელიც სხდომებს მთელი სამი კვირის განმავლობაში ესწრებოდა, იმდენად შეწუხდა მოპასუხე მხარის სუსტი პოზიციით, რომ უშუალოდ სხდომების პარალელურად გაუკეთა მოსარჩელე მხარეს შეთავაზება მორიგების შესახებ. მას არაერთი მცდელობა ჰქონდა მოსარჩელის წარმომადგენლებთან კომუნიკაციისა და ღიად აღნიშნავდა, რომ თავადაც აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ბანკმა საკითხი სასამართლომდე მიიტანა და შვეიცარიაშივე არ უზრუნველყო საკითხის მოგვარება, კლიენტის სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილების გზით. მეტიც, მან გამოთქვა მზაობა ჩამოსულიყო საქართველოში და პირადად გაესაუბრა ბატონ ივანიშვილთან და ბოდიშიც კი მოეხადა ბანკის ქმედებებისთვის მთელი ამ წლების განმავლობაში. ბანკის წარმომადგენლის ამგვარი მოქმედება, ზოგადად, ჯდება ბანკის პოლიტიკაში, რადგან ბანკი ყოველთვის ცდილობს ამგვარი პრობლემური საკითხები რაც შეიძლება მოკლე დროში და უხმაუროდ დაასრულოს, კლიენტთან მოლაპარაკების გზით. ამ მხრივ, ბატონ ივანიშვილთან დავა გამონაკლისი აღმოჩნდა, რადგან ბანკს მანამდე არცერთხელ მოლაპარაკების მზაობა არ გამოუმჟღავნებია”
ივანიშვილის პოზიციაა იყო, რომ ბანკს ჯერ სამართლიანობა აღადგინა და მარტის თვიდან დაკავებული თანხა გადაერიცხა.
“შვეიცარიული მედია დღემდე თავს იკავებს ბატონი ივანიშვილის იმ პოზიციის გამოქვეყნებისგან, რომელზეც ივლისის თვეში ვსაუბრობდით: კლიენტი მიიჩნევდა და მიიჩნევს, რომ ბანკის მენეჯმენტი შეგნებულად აზიანებს არამხოლოდ ბანკს, არამედ მთელი შვეიცარიული საბანკო სექტორის რეპუტაციას, რაც, თავის მხრივ, დარტყმის ქვეშ აყენებს შვეიცარიის სახელმწიფოსაც. სინგაპურში მიმდინარე პროცესი კიდვ ერთხელ აჩვენებს, რომ ბანკის მენეჯმენტი თვით-დაზიანების რეჟიმში იმყოფება და მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს შვეიცარიის სახელმწიფოს იმიჯსაც.
ივანიშვილის დაცვის მხარე ამბობს, რომ უკვირთ საბანკო ჯგუფის ახლად-დანიშნულმა იურიდიული სამსახურის უფროსმა, რომელიც მათივე თქმით, საქართველოში ვიზიტისთვის და ბოდიშის მოხდისთვის მზად იყო, რატომ შეიცვალა რამდენიმე დღეში პოზიცია.
“ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია შვეიცარიული მედიის მიდგომა, რომ მიუხედავად დავის ფართოდ გაშუქებისა და, მათ შორის, იმის აღნიშვნისა, რომ ბანკის პოზიციები დავაში უკიდურესად სუსტია, ყველა მედია საშუალება მაინც ერიდება ბატონი ივანიშვილის იმ პოზიციის შემცველი წერილის გამოქვეყნებას, სადაც საუბარია იმაზე, რომ ბანკის მენეჯმენტი სრულიად შეგნებულად აზიანებს ბანკს, საბანკო სისტემასა და სახელმწიფოს იმიჯს. სამწუხაროდ, ბანკის გადაწყვეტილება, რომ მისივე ინიცირებული მორიგების პროცესი თავადვე შეეწყვიტა, სრულიად ჯდება ამ ხაზში.