„ბეწვზე გადავრჩით…“ – რას ჰყვება სამხრეთ კორეაში მცხოვრები ქართველი ტრაგედიის ადგილიდან

„ბეწვზე გადავრჩით...“ - რას ჰყვება სამხრეთ კორეაში მცხოვრები ქართველი ტრაგედიის ადგილიდანსეულში, მასობრივი ჭყლეტის შედეგად, 151 ადამიანი დაიღუპა და 82 დაშავდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის 19 მოქალაქეცაა. შემთხვევა ჰელოუინის დროს, ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა.

კორეაში მცხოვრები ქართველი, სოფო კვინიკაძე მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში გამომწერებს უყვება. როგორც სოფო ამბობს, დასთან და მეგობართან ერთად თავადაც აპირებდა იმ ქუჩაზე წასვლას, თუმცა გადაიფიქრეს, რის გამოც ამ უბედურებას ასცდნენ.

„ვეცდები აგიხსნათ რა მოხდა. წარმოიდგინეთ, აქ არის ერთი მთავარი ქუჩა, და მას პატარა წვრილი ქუჩა უერთდება ოდნავ დაღმართით, მთავარ გზაზე გამოსასვლელად. ზუსტად ამ წვრილ ქუჩაზე ბევრი ხალხი მიაწყდა და გაჭედილები იყვნენ. აქედან გამომდინარე, მოხდა ჭყლეტა. ჰაერის უკმარისობით დაიღუპა უმეტესობა, ზოგი დამტვრეულიცაა. დაკარგულ ხალხში ალბათ ისეთები იგულსხმებიან, რომლებსაც ჯერ ვერ უკავშირდებიან. აქ ასე ამბობენ, რომ 2017 წელსაც ბევრი ხალხი იყო, თუმცა პოლიცია აკონტროლებდა. ახლა კი ამ შემთხვევას პრეზიდენტს აბრალებენ, სათანადოდ არ იყო ადგილი პოლიციებით უზრუნველყოფილი, რომ წესრიგი დაეცვათ.

ჩვენც ვაპირებდით ამ ქუჩაზე წასვლას და ბეწვზე გადავრჩით. ასეთი ტრაგედია არც წარმოგვედგინა, უბრალოდ ხალხმრავლობას გავერიდეთ და ამან გადაგვარჩინა“,- ამბობს სოფო.

სამხრეთ კორეაში მომხდარის გამო გლოვის დღეები გამოცხადდა.