ირანი უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებს და აცხადებს, რომ „ეს არ გაუკეთებია და არ გააკეთებს”.
CNN-ის ცნობით, ამის შესახებ საუბარი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრსა და მის პორტუგალიელ კოლეგასთან სატელეფონო ზარის დროს შედგა. ირანის მთავრობის ცნობით, მინისტრმა “კიდევ ერთხელ” გაუსვა ხაზი, რომ თეირანი რუსეთს არ მიაწვდის იარაღს, რომელსაც უკრაინაში გამოიყენებს.
“ჩვენ გვჯერა, რომ მხარეების შეიარაღება ომს გაახანგრძლივებს, ამიტომ ომს არ მივიჩნევთ სწორ გზას არც უკრაინაში, არც ავღანეთში, სირიასა თუ იემენში”, აღნიშნა ჰოსეინ ამირ-აბოლაჰიანიმ.
14 სექტემბერს ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი სანქცირებული ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიღებას ზრდიდა.
ბრიტანეთის უწყების თქმით, რუსეთი, უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რამდენიმე ათეული ირანული დრონი უკვე გაანადგურეს.