ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხათუნა ხარჩილავამ გამოაცხადა.
განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი ესწრებოდა, სასამართლოზე არ გამოცხადებულა ნელი დოროყაშვილი.
ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე 2 წლის განმავლობაში სასამართლოში არაერთი მტკიცებულება გამოიკვლიეს, მათ შორის, დაკითხნენ როგორც დაცვის მხარის, ასევე ბრალდების მხარის მოწმეები.
პროკურატურა აცხადებდა, რომ საქმეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება ჰქონდათ წარდგენილი. ასევე, ბრალდების მხარე განმარტავდა, რომ დაზარალებულ ნელი დოროყაშვილის მიერ სასამართლოში მიცემული რამდენიმე საათიანი ჩვენება ზუსტად თანხვედრაში იყო საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან.
საპირისპიროს აცხადებდა დაცვის მხარე. ადვოკატების თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან არც ფიზიკურ და არც ფსიქოლოგიურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი.
უფლებადამცველების განცხადებით, ნელი დოროყაშვილმა სასამართლოში ცრუ ჩვენება მისცა.