დღეს, 13:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმას თენგიზ (თენგო) ბასილაშვილს დაკითხავენ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით.
მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დააუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.