ექიმი გიორგი ღოღობერიძე შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს ურჩევს, მნიშვნელობა მიანიჭონ ბოსტნეულს, ხილს, მოხარშულ ხორცს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ღოღობერიძე მოსახლეობას მოუწოდებს ამა თუ იმ ხილის მირთმევის დროს თავი შეიკავონ ბლენდერის გამოყენებისგან.
„თუ გვსურს, რომ მოვიხმაროთ ბრინჯი, უმჯობესია ეს იყოს ყავისფერი. შესაძლებელია მოვიხმაროთ შვრია, ფეტვი. ამასთან, კარტოფილის მოხმარების დროს, უმჯობესია მოვიხმაროთ ტკბილი კარტოფილი. მეორე ადგილზე დავაყენებდი ბოსტნეულს – ყოველთვის სჯობს, რომ ბოსტნეული მივირთვათ უმი სახით, თუ მაინცდამაინც გვსურს მოხარშულის მირთმევა, მოვხარშოთ ოდნავ ან ოდნავ შევწვათ გრილზე. თუ ბოსტნეულს შევწვავთ, ზემოდან კარაქს დავამატებთ, ასეთ შემთხვევაში ის კარგავს სასარგებლო თვისებებს.
ასევე მნიშვნელოვანია არ დავამატოთ მარილი, იმიტომ, რომ მარილი კიდევ უფრო მეტ საფრთხეს ქმნის მაღალი წნევის მქონე ადამიანებში. მესამე ადგილზე დავაყენებდი ხილს – თუ საუბარია ხილზე, სჯობს, რომ მივირთვათ პირდაპირ. მაგალითად, თუ მიირთმევთ მას, სჯობს პირვანდელი სახით მივირთვათ, ვიდრე დაბლენდერებული.
ნებისმიერ საკვებს, თუ ბლენდერი შეეხო, ის რომ დაიშლება და შიგთავსი გარეთ გამოვა, გლუკოზა გამზადებული პაკეტივით ხდება. შემდეგ, როცა ჩვენ ამას ვსვამთ, უცებ მოიმატებს გლუკოზის დონე. მეოთხე ადგილზე დავაყენებდი ცილებს. ცილები ყველა ვარგა თუ ჩვენ გვაწუხებს შაქრიანი დიაბეტი ან მსგავსი პრობლემები. ცილების შემცველი პროდუქტებია: ხორცი, სოკო, კვერცხი, ქათამი. ამასთან, ჩვენი სხეულისთვის ქათმის მკერდი ყველაზე ჯანსაღი ნაწილია. ოღონდ ქათმის მკერდის მომზადების პროცესში მნიშვნელოვანია, რომ კანი მოშორდეს. იმიტომ, რომ კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი არის სწორედ ის მავნე ცხიმოვანი მჟავების წყარო ჩვენი სხეულისთვის,” – განმარტავს გიორგი ღოღობერიძე.