რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოში შემოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა 711 იურიდიული პირი დაარეგისტრირეს, რუსეთის 9.789 მოქალაქე კი ინდივიდუალურ მეწარმედაა უკვე დარეგისტრირებული საქართველოში – ამის შესახებ ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეებიდან 112.733 ქვეყანაში დარჩა.
„ბათუმელების“ ცნობით, გამოცემამ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ივლისში მიმართა და მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ქონება დაირეგისტრირეს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 2022 წლის პირველი მარტიდან დღემდე. ხუთთვიანი ლოდინის შემდეგ ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაცია მხოლოდ გუშინ, 2 ნოემბერს მიაწოდა.
რეესტრის მონაცემებით, 2022 წლის პირველი მარტიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში:
რუსეთის 2.585-მა მოქალაქემ საქართველოში ჯამში 2.964 ბინა შეიძინა, საერთო ფართობით – 189.084 კვ.მეტრი.
ამავე პერიოდში რუსეთის 252-მა მოქალაქემ საქართველოში მიწის 249 ნაკვეთიც შეიძინა, რაც ჯამში 37.9 ჰექტარია [აქედან რუსეთის 53 მოქალაქეს მიწის 61 ნაკვეთი შენობა-ნაგებობების გარეშე აქვს შეძენილი, 199-მა მოქალაქემ კი მიწის 188 ნაკვეთი შენობა-ნაგებობებიანად შეიძინა].როგორც საჯარო რეესტრში ამბობენ, აღნიშნული მონაცემები დამუშავებულია რუსეთის მოქალაქეების პასპორტის მონაცემების მიხედვით.