„არ მჯერა, რომ რუსეთს გულშემატკივრობს“ – იაგო ხვიჩია ირაკლი ღარიბაშვილზე

„არ მჯერა, რომ რუსეთს გულშემატკივრობს“ - იაგო ხვიჩია ირაკლი ღარიბაშვილზეპარტია „გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია რუსეთთან მიმართებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკას აფასებს და პრემიერ-მინისტრის განცხადებებს ეხმიანება.

როგორც ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა, მას არ სჯერა, რომ „ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთს გულშემატკივრობს, რადგან ამ ქვეყანაში რუსეთს არავინ გულშემატკივრობს“.

„ქართული ოცნების“ პოზიციაა, რომ რუსეთი არ გავაღიზიანოთ, ჩვენ მშვიდობა შევინარჩუნეთ, ომი ჩვენთან არ არის და ეს გვეყოფა დადებითი პიარის მოსაპოვებლად… შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი ფიქრობენ ასე, მოდი, კარგად გავყიდოთ ეს ამბავი, არ ავურიოთ სხვა არაფერში და ავირჩიოთ მხარე, რომელსაც, პირობითად, დავარქვათ მშვიდობის მხარე. მშვიდობის მხარე და უკრაინა თუ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, ეს არცერთ შემთხვევაში კარგი არ არის.

ამ წუთში მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოებრივი პოზიცია, რომელიც გავლენას ახდენს ქვეყნის დასავლურ მომავალზე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების პოზიცია გამოიხატება და ჩვენ სულ ამ პოზიციის კრიტიკოსები ვართ. არ მინდა, რომ ეს ისე გასაღდეს, როგორც ერთი ადამიანის, ირაკლი ღარიბაშვილის პოზიცია. ჩვენი ქვეყნის პოზიცია არის არასწორი, როგორც არასათანადო გულშემატკივრობის, რასაც გვეუბნებიან შენიშვნის სახით. ამის საწინააღმდეგო პოზიცია არის ის, რომ სამაგიეროდ – ჩვენთან ომი არ არის და მშვიდობის ქვეყანა ვართ დ ა.შ.

ეს მხოლოდ გემოვნების საკითხი არ არის, ეს მორალის და პოლიტიკური პოზიციის ამბავია. თავის დროზე „ქართული ოცნების“ ეს პოზიცია მე ძალიან კრიტიკულად შევაფასე და აზრი არ შემიცვლია, მაგრამ მთავარია სიტყვებზე არ ვიყოთ გამოკიდებული და მთავარი გაგვეპაროს სიტყვებს მიღმა. მთავარი და ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთის ის პერსპექტივა, რომელიც ჩვენ გვაქვს. მე არ მჯერა, რომ ღარიბაშვილი რუსეთს გულშემატკივრობს, ამ ქვეყანაში რუსეთს არავინ გულშემატკივრობს.

ჩემთვის ღარიბაშვილის პოზიცია აიჭრა მაშინ, როდესაც ომის დასაწყისშივე მან თავისი პოზიცია დააფიქსირა. მას შემდეგ ის ამ პოზიციის ტყვეც არის და რაც უნდა ილაპარაკოს, ღარიბაშვილის შემთხვევაში ყველაფერი გასარჩევი გახდა და ეს მომდინარეობს მისი პირველი პოზიციიდან, რომელიც მან იუნკერების საფლავებთან დააფიქსირა, (როდესაც განაცხადა, რომ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს საქართველოც მიუერთდეს). ქართველი ხალხი ღარიბაშვილს ეჭვის თვალით უყურებს, როგორც უკრაინელი ხალხის და სიკეთის გამარჯვების არასათანადო გულშემატკივარს. მგონია, რომ ეს არ არის შემთხვევითი და ამას გამოსწორება სჭირდება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.