რუსმა ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ძლიერი აფეთქებების შემდეგ ქალაქში საჰაერო განგაშის სისტემა ჩაირთო.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ოკუპანტებმა თავდასხმისას რაკეტები გამოიყენეს. მათივე ინფორმაციით, სამიზნე ამჯერადაც ინფრასტრუქტურული ობიექტი იყო.
როგორც მოგვიანებით მერმა განმარტა, ოკუპანტებმა დნიპროვსკის რაიონი დაბომბეს.
“აფეთქებებია დნეპრის რაიონში. ადგილზე ყველა სამსახურია გაგზავნილი!” – დაწერა ვიტალი კლიჩკომ.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, არ უგულებელყონ საჰაერო თავდასხმის განგაში და დარჩნენ თავშესაფრებში. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ საჰაერო განგაშის სისტემა ჩაირთო ჩერნიგოვის, ჩერკასის, პოლტავის, სუმის, დონეცკისა და კიევის რაიონებში.
ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ოკუპანტების რაკეტის ნაწილით დაზიანდა შენობა, რომელშიც მოქალაქეები არ ცხოვრობენ. გაჩენილ ხანძარს მაშველები აქრობენ.
“დედაქალაქში, გოლოსეევსკის რაიონში რაკეტის ფრაგმენტი არასაცხოვრებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. დაშავებულები არ არიან”. – დაწერა მან.