13 იანვარი იტალიური ფეხბურთის, განსაკუთრებით კი, „ნაპოლის” ისტორიაში ჩაიწერება. „ნაპოლიმ” “იუვენტუსი” გამანადგურებელი, წარმოუდგენელი ანგარიშით დაამარცხა საკუთარ სტადიონზე. როგორც იტალიური პრესა წერს, „იუვენტუსს” 30 წელი იყო ერთ მატჩში 5 გოლი არ გაეშვა. კლუბმა ბოლო 8 მატჩიც წაგების გარეშე ითამაშა, მაგრამ მარადონას სახელობის სტადიონზე ნამდვილი სასწაული მოხდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ქართული და იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაც იყო. მან ვიქტორ ოზიმენის შემდეგ, მეორე გოლი გაიტანა და გუნდს მეტი დამაჯერებლობა შესძინა. ოზიმენის გოლიც სწორედ მისი პასის დამსახურება იყო.
მიუხედავად იმისა, რომ „ნაპოლი” მიმდინარე სეზონის აშკარა ლიდერია, აღნიშნული მატჩის ანგარიში მაინც წარმოუდგენლად აღიქმება. თუმცა, ნეაპოლში აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც მხოლოდ მოგება კი არა, ანგარიშიც სწორად გამოიცნო და ტოტალიზატორში, დადებულ თანხაზე დაახლოებით ასჯერ მეტი მოიგო. პირმა 350 ევრო სწორედ “ნაპოლის” მოგებაზე დადო და ანგარიში 5-1 მიუთითა. წარმოიდგინეთ ამ ადამიანის ემოცია, როდესაც გააცნობიერა, რომ 36 750 ევრო მოიგო.