სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საქმეზე, მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, ევროსასამართლომ დაადგინა:
კონვენციის მეორე მუხლის დარღვევა – პროცედურული ნაწილი (სიცოცხლის უფლება), ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ
არ დაუდგენია მეორე მუხლის დარღვევა – არსებითი ასპექტი (სიცოცხლის უფლება).
სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა აპლიკანტებისთვის მორალური ზიანის – 10 000 ევროს, ხოლო ხარჯების ანაზღაურებისთვის 15 000 ევროს გადახდა.
სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა ეფექტური და საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნები კონვენციის მე-2 მუხლის მიზნებისათვის, თუმცა მიიჩნია, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულება იმის დასადგენად, რომ მაჩალიკაშვილი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის პირობებში გარდაიცვალა. სასამართლომ დასაბუთების არარსებობის გამო.
ამასთან ევროსასამართლომ არ მიიღო მომჩივნების საჩივარი კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებით (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა).
ცნობისთვის, მაჩალიკაშვილების ოჯახის სახელით, ევროსასამართლოში განაცხადი სოციალური სამართლიანობის ცენტრმა წარადგინა.
განაცხადში მოსარჩელეები დაობდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევაზე:
მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება),
მე-3 მუხლი (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა),
13-ე მუხლის (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე).
შეგახსენებთ, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას, სამართალდამცველის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა. ის 10 იანვარს კლინიკაში გარდაიცვალა.
ქართულმა ძალოვანმა უწყებამ ორი წლის წინ საქმე დახურა. მთავარმა საგამოძიებო უწყებამ 19 წლის ახალგაზრდა კაცი ტერორისტად გამოაცხადა და თქვა, რომ მისი მიმართულებით სპეცრაზმელის გასროლა აუცილებელი მოგერიება იყო.