„ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრებმა, მანდატის შეჩერების შემდეგ, საქმიანობა სახელმწიფო საწარმოებში გააგრძელეს
ვანო ზარდიაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, ნუკრი ქანთარია, ლერი ხაბელოვი და კარლო კოპალიანი – ეს იმ პარლამენტართა არასრული ჩამონათვალია, რომელთაც მანდატის შეჩერების შემდეგ საქმიანობა სახელმწიფო საწარმოებში განაგრძეს.
ვანო ზარდიაშვილი
ვანო ზარდიაშვილი საპარლამენტო მანდატს 2016-2019 წლებში ფლობდა. იგი IX მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. ვანო ზარდიაშვილს საპარლამენტო მანდატი 2019 წლის 12 ნოემბერს შეუწყდა და მალევე, 2 დღეში, შპს ენერგოტრანსის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა. შპს ენერგოტრანსი 2002 წლიდან სახელმწიფო საწარმოს წარმოადგენს.
აღნიშნულ თანამდებობაზე, მხოლოდ თვენახევრის განმავლობაში (14.11.2019- 31.12.2019) მისმა სახელფასო შემოსავალმა 22,307 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც დეპუტატის თანამდებობაზე ყოფნისას მისი წლიური შემოსავალი დაახ. 42,585 ლარი იყო. შესაბამისად, ნათელია დეპუტატის მანდატის დატოვა და ახალ თანამდებობაზე დანიშვნა, 2019 წელს, ვანო ზარდიაშვილისთვის ბევრად სარფიანი გამოდგა.
ამჟამად ვანო ზარდიაშვილი იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” დირექტორის თანამდებობას იკავებს. 2020 წლიდან იგი სსე-ის მმართველი საბჭოს წევრი იყო.
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” სახელმწიფო საწარმოა. სსე-ს აქციების სრულ პაკეტს სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ ფლობს, ხოლო ორგანიზაციის მართვის უფლება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქვს გადაცემული.
ზაქარია ქუცნაშვილი
ზაქარია ქუცნაშვილმა საპარლამენტო მანდატი პირველად 1999 წელს, V მოწვევის პარლამენტში მიიღო. ამის შემდეგ, 2012-2016 წლებში ზაქარია ქუცნაშვილი ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე და VIII მოწვევის პარლამენტის წევრიც გახდა. ბოლოს კი უკვე “ქართული ოცნების” წევრის სტატუსით, 2016-2019 წლებში, IX მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის წევრობის პარალელურად, ზაქარია ქუცნაშვილი წილებს ფლობდა სხვადასხვა კომპანიაში. მაგალითად, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქუცნაშვილი 2019 წლამდე შპს K&K consulting-ის 60%-იანი წილის მფლობელი იყო, დღეს კი ამავე კომპანიის დირექტორის თანამდებობას იკავებს. ზაქარია ქუცნაშვილი აღნიშნულ კომპანიაში იურისტის თანამდებობასაც იკავებდა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ პარლამენტიდან წასვლის შემდეგ, ზაქარია ქუცნაშვილი შპს გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. კომპანია საქართველოს ელექტროსისტემის მთავარი შემადგენელი ნაწილია და განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაში.
შპს გარდაბნის თბოსადგური გარდაბანში მდებარე კომბინირებული ციკლის თბოსადგურს მართავს. საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის თანახმად, კომპანიას ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო, რომლის თავმჯდომარე სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდია, ხოლო წევრები – გიორგი გორგასლიძე და თემურ ჭინჭარაული. გენერალური დერექტორის თანამდებობას თამაზ დემინაშვილი იკავებს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის 49,092%-იანი წილის მფლობელი საპარტნიორო ფონდია, ხოლო 50,098%-ს სააქციო საზოგადოება ნავთობისა და გაზის კორპორაცია ფლობს.
„ფლანგვის დეტექტორი” შეეცადა, გარდაბნის თბოსადგურს ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაკავშირებოდა, თუმცა მათ ჩვენს არც ერთ ზარს არ უპასუხეს. შესაბამისად, უცნობია, ზაქარია ქუცნაშვილი დღემდე იკავებს თუ არა აღნიშნულ თანამდებობას.
ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია
ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია 2012-2020 წლებში VIII და IX მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. დეპუტატის თანამდებობაზე მისი წლიური შემოსავალი 45 ათას ლარს აღემატებოდა. ყველაზე მეტი ანაზღაურება კი 2017 წელს მიიღო 60,285 ლარის ოდენობით. ნუკრი ქანთარიამ, მსგავსად სხვა ყოფილი დეპუტატებისა, დეპუტატის მანდატის შეწყვეტის შემდგომ საქმიანობა სახელმწიფო დაწესებულებაში გააგრძელა. 2021 წელს შევსებული ფინანსური დეკლარაციის მიხედვით, მან დეპუტატის მანდატის (01.01.2020-10.12.2020) შეწყვეტიდან 4 დღეში საქმიანობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გააგრძელა, მოწვეული ექსპერტის თანამდებოზე, სადაც 17 დღეში მისმა ანაზღაურებამ 1,957 ლარი შეადგინა.
2022 წლის 1 აგვისტოდან ნუკრი ქანთარია ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. აღნიშნულ თანამდებობაზე მისი თვიური შემოსავალი 6000 ლარია. საინტერესოა, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე ანაზღაურება ორჯერ გაიზარდა მას შემდეგ, რაც თანამდებობა ნუკრი ქანთარიამ დაიკავა. 2021 წლის მონაცემების მიხედვით სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე ანაზღაურება 2940 ლარს შეადგენდა.
ლერი ხაბელოვი
ლერი ხაბელოვი საქართველოს VIII და IX მოწვევის პარლამენტის წევრი იყო 2012-2016 და 2016-2020 წლებში.
მისი ბოლო, 2021 წლის დეკლარაციის მიხედვით, ლერი ხაბელოვი ბიზნესსაქმიანობითაც იყო დაკავებული. მაგალითად, საჯარო რეესტრის 2019 წლის მონაცემების თანახმად, ხაბელოვი 26%-იან წილს ფლობდა შპს თაკვერში. ამავე წლის მონაცემებით, ის 20%-იან წილს ფლობდა შპს სამეგობროში, რომლის იურიდიული მისამართიც თბილისის აეროპორტია. საინტერესოა, რომ ამავე კომპანიის 20%-იან წილს შპს ავიასერვისი 2000 ფლობს. შპს ავიასერვის 2000-ს კი თავის მხრივ ორი მეწილე ჰყავს, შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება და შპს თაკვერი, ანუ მეორე კომპანია, რომელთანაც ლერი ხაბელოვი არის დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია 2019 წლის შემდეგ არც ერთი კომპანიის შესახებ აღარ განახლებულა.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ლერი ხაბელოვი უკვე მესამე ვადით იკავებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის პოზიციას. პირველად ამ თანამდებობაზე 2012 წელს დაინიშნა, 2016 წელს ის მეორე ვადით აირჩიეს, მესამედ კი 2020 წელს. ლერი ხაბელოვი ა(ა)იპ-ის აღმასრულებელი კომიტეტის თავმდჯომარის პოზიციას პარლამენტის წევრობის პარალელურად იკავებდა.
კარლო კოპალიანი
კარლო კოპალიანი 2012-2020 წლებში საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის (VII, VIII, IX) წევრი იყო. კარლო კოპალიანი 2020 წლის 21 იანვრიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს. ფინანსური დეკლარაციის მიხედვით, მისი შემოსავალი ამ თანადებობაზე 2020 წელს 45,692 ლარს შეადგენდა.
აქვე საინტერესოა, რომ კარლო კოპალიანი საპარლამენტო მანდატის დასრულებამდე (05.02.2020) ერთი თვით ადრე საქართველოს პარლამენტის მოწვეული სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა, სადაც ამავე წელს ანაზღაურების სახით 7680 ლარი მიიღო. ამ თანამდებობაზე მან საკუთარი შვილი ალექსანდრე კოპალიანი ჩაანაცვალა, რომელიც თანამდებობას 2019 წელს 6 თვით იკავებდა (16.06.2019- 31.12.2019).
აქვე აღსანიშნავია, რომ ხუთივე დეპუტატი საარჩევნო ბლოკს: ქართულ ოცნება- დემოკრატიულ მოძრობას წარმოადგენდა.