ბადრი ესებუა დააკავეს – ვიდეო

 ბადრი ესებუა დააკავეს - ვიდეო„მთავარი არხის” ინფორმაციით, ორწლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუა დააკავეს. ჩვენ მიერ გადაღებულ ექსკლუზიურ ვიდეო მასალაში ჩანს როგორ გამოიყვანეს ესებუა ზუგდიდის სამხარეო პოლიციის შენობიდან. ის, სავარაუდოდ, თბილისში გადმოჰყავთ.

ესებუა ზუგდიდში, გამთენიისას აიყვანეს, სავარაუდოდ, მაშინ, როცა აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა.

სპეცოპერაცია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიგეგმა. სამართალდამცავებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ. ცნობილია, რომ თბილისიდან სამეგრელოში ჩასული იყო სპეციალური დანიშნულების რაზმი.

ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” შენობაში შეიარაღებული შეიჭრა და ათობით მძევალი აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს და ადგილის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა.  რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციისა და მოლაპარაკების შემდეგ, ესებუამ მძევლები გაათავისუფლა, ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა. შსს ამბობდა, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე რჩებოდა და ქვეყანა არ დაუტოვებია.